ლას ვეგასში უსახლკაროებს „თავშესაფრად“ საპარკინგე ზონები შესთავაზეს

პუბლიკა

ინტერნეტში უსახლკარო ადამიანების თავშესაფრად გადაკეთებული ლას ვეგასის საპარკინგე ზონების ფოტოები ვრცელდება. ქალაქის ხელისუფლება აცხადებს, რომ პრობლემის გადაჭრისათვის ეს საუკეთესო გზა იყო, რადგან კორონავირუსის გამო თავშესაფრები დაიხურა.

რამდენიმე დღის წინ ქალაქის 500-საწოლიანი თავშესაფარი დაიხურა, რადგანაც იქ კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა. ქალაქის მეთაურთა თქმით, ღამის გასათევად გადაკეთებულ საპარკინგე ზონებში 2-მეტრიანი დისტანციის ნიშნულები დახატულია.

The Guardian-ის ინფორმაციით, ფოტოებზე ჩანს, რომ ასფალტზე დაგებულია ლურჯი ზედაპირი, რომლის გასუფთავებაც უფრო მარტივია, მაგრამ უსახლკაროები ერთმანეთისგან 2-მეტრიანი დისტანციით არ არიან დაცილებულნი და გვერდიგვერდ სძინავთ. ინტერნეტში ფოტოების გავრცელებას საზოგადოებისგან კრიტიკა მოჰყვა.

ქალაქის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კათოლიკური საქვემოქმედო ორგანზაციებისა და სხვა თავშესაფრების დახურვის შემდეგ მთავრობა დროებითი თავშესაფრების გახსნას ცდილობს.

თავშესაფრად ქცეული საპარკინგე ზონა ქეშმენის ცენტრს ეკუთვნის. 44 900 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ ცენტრში სპორტული და სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართებოდა. მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, ცენტრის შიდა ტერიტორიას თავშესაფრად ვერ გამოიყენებენ, რადგან ის ჭარბი რაოდენობის პაციენტების შემთხვევაში სამომავლოდ საველე ჰოსპიტალად მოიაზრება.

„ახლა ლას ვეგასში სასტუმროს 150 ათასი ნომერი თავისუფალია. რას იტყვით, რომ კერძო-საჯარო თანამშრომლობის ფარგლებში უსახლკაროები იქ დავაბინაოთ? და მუდმივი საცხოვრისებისთვის ფონდი გავხსნათ!“, – წერს სან ანტონიოს ყოფილი მერი ხულიან კასტრო.