„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბიზნესმენის, ლაშა ბასლანძის ცნობით, სასამართლომ რესტორანი „ქვევრი“ მის მმართველობაში დააბრუნა.
„მივმართეთ სასამართლოს. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოიჯარე მხარე ჩვენ ვართ და ჩვენ უნდა შევიდეთ მმართველობაში. ამდენი ხანი ვცდილობდით შესვლას და არ გამოვიდა… სასამართლომ მიმართა აღსრულებას“, – უთხრა ბასლანძემ TV პირველს.
შპს რესტორანი „ქვევრი“ ბიზნესმენ შალვა ტიბუას მფლობელობაში არსებულ შენობაშია განთავსებული. სწორედ მის წინააღმდეგ მიმართა სასამართლოს ბასლანძემ.
შალვა ტიბუას ადვოკატი თამარ აბესაძე TV პირველს ეუბნება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „გასაოცარია“. აბესაძის თქმით, ბასლანძე საიჯარო ხელშეკრულების პირობებს არღვევს, თუმცა ამის მიუხედავად სასამართლომ მის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.
ადვოკატმა ასევე ისაუბრა 6 სექტემბერს მომხდარზე – გავრცელდა ინფორმაცია, დაპირისპირება მოხდა რესტორან „ქვევრის” მფლობელ ლაშა ბასლანძესა და ფართის მფლობელ შალვა ტიბუას შორის, რის შემდეგაც ლაშა ბასლანძემ იარაღიდან გაისროლა.
ადვოკატის თქმით, საგამოძიებო უწყებებს ამ საკითხზე რეაგირება არ აქვთ და დასჯილიც არავინაა.