„ბოკვერი უკვე ჩვენს ზოოპარკშია“ – დაწერა დღეს ძიუდოისტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელში და ზოოპარკის დირექტორთან, ზურაბ გურიელიძესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ინსტაგრამზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ ავტომანქანით მოძრაობს, გვერდითა სავარძელზე კი ლომის ბოკვერი ჰყავს.
აღნიშნულ ვიდეოს საზოგადოებში კითხვები მოჰყვა. კერძოდ, ბექაურს ნებართვის საფუძველზე ჰყავდა კონვენციით მკაცრად დაცული ცხოველი, თუ შესაძლო კონტრაბანდასთან გვაქვს საქმე?
საქართველოს სისხლის სამართლის 302-ე პრიმა მუხლის თანახმად, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის არალეგალური ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
ველური ცხოველის შემოყვანაზე სპეციალურ ნებართვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რათა გაგვერკვია, გაცემული ჰქონდათ თუ არა სერტიფიკატი ცხოველის შემოყვანაზე.
სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესებულია და სწავლობს ზედამხედველობის სააგანტო. მათივე თქმით, დამატებითი განმარტებების გავრცელება მოგვიანებით იქნება შესაძლებელი, ვინაიდან საკითხის შესწავლას გარკვეული დრო სჭირდება.
„პუბლიკა“ ზურაბ გურიელიძესთან დაკავშირებას ცდილობს, რათა გავარკვიოთ გავრცელებული ფოტო ნიშნავს თუ არა იმას, რომ ლაშა ბექაურმა ლომის ბოკვერი ზოოპარკს გადასცა მოსავლელად. დამატებით პასუხის შემთხვევაში მასალა განახლდება.