ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური, რომელმაც რამდენიმე საათის წინ საქართველოს პირველი ოლიმპიური ოქრო მოუტანა, 2019 წლის დეკემბერში პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.
სპორტსმენმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც ინციდენტის დეტალებს ჰყვებოდა.
ლაშა ბექაურის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე მოხდა.
“თქვენი საბუთებიო… არ მაქვს ძმაო მეთქი და ისევ ნაგლად მომმართა, ძმაოთი რატომ მომმართავო. მეთქი, აბა, როგორ მოგმართო, ჯიგრულად ძმაოთი მოგმართავ, ხო მეთქი. შენ ასეთი ლაპარაკი ვინ გასწავლაო, შე უზრდელოო. შენ არ იცი, როგორ უნდა გველაპარაკოო, შენ კუნთები გერჩის, როგორც გეტყობაო და ეგრევე გინება დამიწყეს. მეც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას ვუწევდი არ მეგონა ესე თუ მოიქცეოდნენ… რას ვხედავ, დამიწყეს გინება და დარტყმები. მეც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა გავუწიე და მეც ვაგინებდი (ამათ თავს არ დავუხრიდი სულ რო მოვმკვდარიყავი). ორი მიჭერდა, თან მირტყამდნენ. მერე რომ ვეღარ მერეოდნენ, მესამე ჩაისვეს და გააგრძელეს”, —დაწერა სპორტსმენმა.
2019 წლის 8 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაიწყო გამოძიება პოლიცის თანამშრომელთა მხრიდან ლაშა ბექაურის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე,
დღეს ჩვენ დავუკავშირდით ინსპექტორის სამსახურს და ვკითხეთ რით დასრულდა გამოძიება. გთავაზობთ ინსპექტორის პასუხს:
“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქმეზე ჩაატარა ათობით საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ: დაიკითხნენ მოწმეები, მათ შორის პოლიციის თანამშრომლები, დათვალიერდა ადგილმდებარეობა, დათვალიერდა ლაშა ბექაურის პოლიციის განყოფილებაში ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ასევე გამოძიებისთვის საინტერესო სხვა ვიდეოჩანაწერები. ვიდეოჩანაწერებში არ ფიქსირდება პოლიციის განყოფილების შენობაში ძალადობის ფაქტი.
თავად ლაშა ბექაური, სამსახურის არაერთი გამოძახების მიუხედავად, საგამოძიებო ორგანოში გამოძიების დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდგომ გამოცხადდა და სრულად უარყო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. ძალადობის ფაქტი ასევე უარყვეს მოწმის სახით გამოძახებულმა ლაშა ბექაურის ოჯახის წევრებმა და ძიუდოს ეროვნული ნაკრების წარმომადგენელმა.
საგამოძიებო ორგანოში აღნიშნული მოწმეებიც, რამდენჯერმე გამოძახების შემდგომ გამოცხადნენ.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიების პროცესში დახმარების თხოვნით მიმართა საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას, ლაშა ბექაურის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაში მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით, თუმცა მათი მხრიდან აღნიშნული ვერ იქნა უზრუნველყოფილი. ამასთან, ფედერაციის მიერ გამოძიებას სრულყოფილად არ მოეწოდა დოკუმენტაცია, რომელშიც ასახული იქნებოდა სავარაუდო ძალადობის შემდგომ ლაშა ბექაურის სამედიცინო შემოწმების შედეგები, რაც გამოძიებისთვის მსხვერპლის ართანამშრომლობის პირობებშიც კი იქნებოდა მნიშვნელოვანი მტკიცებულება”. – გვითხრეს ინსპექტორის სამსახურში.
გთავაზობთ ლაშა ბექაურის მიერ მაშინ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.