ლაშა ბერიძე გამომძიებელს: იდენტიფიცირებული არ გყავთ ის ხალხი, ვინც პირველად მიაწვა ღობეს და გადაანგრია

პუბლიკა

„იდენტიფიცირებული არ გყავთ ის ხალხი, ვინც პირველად მიაწვა ღობეს და გადაანგრია… ერთადერთი მიზეზი, რატომაც გამოძიებას არ ჰყავს ეს ხალხი იდენტიფიცირებული, არის ის, რომ ესენი არიან ჩანერგილი აგენტ-პროვოკატორები”, – მიმართა 4 ოქტომბრის 10-პირიან საქმეზე დაკითხულ საქმის მთავარ გამომძიებელ, კონსტანტინე კერესელიძეს ბრალდებულმა ლაშა ბერიძემ.

ლაშა ბერიძემ მას ჰკითხა, იდენტიფიცირებული არიან თუ არა ის პირები, ვინც სასახლის ღობის პირველი სექციის ჩამოგდებაში მონაწილეობდა. ბერიძემ აღნიშნა, რომ პირველ ჯერზე სასახლის ღობის სექცია 4-5-მა კაცმა ჩამოაგდო.

გამომძიებლისგან კონკრეტული პასუხი სხდომაზე არ გაჟღერებულა. მან უპასუხა ზოგად კონტექსტში და არა პირველი სექციის ნაწილზე, რომ „ყველა იდენტიფიცირებადი პიროვნება საქმეზე იდენტიფიცირებული იყო”.

ბრალდებული: რამდენი ადამიანი მივიდა, მიაწვა ღობეს და გადაანგრია?

გამომძიებელი: არ ვიცი. მეკითხებით და გეუბნებით, არ ვიცი…

ბრალდებული: იდენტიფიცირებულები არიან?

გამომძიებელი: შეძლებისდაგვარად, თუ იდენტიფიცირებადი იყო იმ მომენტში ვინმე, ვინც ჩაიდინა დანაშაული, ყველა იდენტიფიცირებულია.

ბრალდებული: მიახლოებით შემიძლია გითხრათ, ზუსტად ვერ გეტყვით, ოთხი-ხუთი კაცი იყო [ღობის პირველი სექცია ვინც ჩამოაგდო]. იდენტიფიცირებული ამ ოთხი-ხუთი კაციდან რამდენია? მაშინ ეს მითხარით… ერთი, ბატონო კონსტანტინე, ერთი კაცი არის იდენტიფიცირებული…

ერთადერთი მიზეზი, რატომაც გამოძიებას არ ჰყავს ეს ხალხი იდენტიფიცირებული, არის ის, რომ ესენი არიან ჩანერგილი აგენტ-პროვოკატორები… მე ამაზე თვალს დავხუჭავ, თუკი თქვენ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, რომ რომელიმე სამსახურის ჩანერგილი აგენტ-პროვოკატორები იყვნენ, რომლებმაც ეს მოახერხეს. იმიტომ, რომ პრეზიდენტის სასახლიდან ვიდეო არ არის საქმეში, არანაირი 112-ის ვიდეო არ არის. ერთადერთი „TV პირველის” ვიდეოა, სადაც ხალხი კარგად არ ჩანს. რამდენიმე სხვადასხვა მოწმესთან შეგნებულად არ დავსვი ეს კითხვა, მე თქვენ გელოდებოდით, როგორც მთავარ გამომძიებელს. თქვენ ამ კითხვაზე ვერ მპასუხობთ — არ გყავთ…

ბრალდებული: ახლა შეგიძლიათ მათი იდენტიფიცირება? ვინც გადაანგრია ღობე, იმ ხალხზე გეკითხებით.

გამომძიებელი: ყველა იდენტიფიცირებადი პიროვნება იდენტიფიცირებულია. მისი იდენტიფიცირებაც შესაძლებელი იყო კონკრეტულ დროში. თუ ვინმე არ არის იდენტიფიცირებული ჩვენ მიერ და თქვენთვის არის ცნობილი, გვითხარით მაშინ, მოგვაწოდეთ ინფორმაცია და მოხდება შესაბამისი რეაგირება.

ბრალდებული: ვიდეო მე არ მაქვს, სურათი მე არ მაქვს. საიდან უნდა გითხრათ? მომეცით ვიდეო და მე გეტყვით, პრობლემა არ არის. დავნიშნავთ დამოუკიდებელ ექსპერტიზას…