ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიში „ოცნების“ წევრებთან დაპირისპირებასა და დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

პუბლიკა

მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი, რომელიც აბუ-დაბიში „ოცნების“ წევრებთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაკავებული იყო, „რადიო თავისუფლებასთან“ მომხდარს დეტალურად იხსენებს.

ლაშა გაბიტაშვილმა საუბარი დაიწყო იმ დღის გახსენებით, როცა მასა და ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძესა და „ოცნების“ სხვა წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების კადრები პირველად გავრცელდა.

„იმ ღამეს, სანამ აბუ-დაბიში ჩავედი, ვუყურე, რაზე დაიჭირეს მზია ამაღლობელი და პირველი მისვლაც ამ ყველაფერმა გამოიწვია, რომ ამ ხალხისთვის, რომელიც ჩემი გადახდილი გადასახადებით იღებს ხელფასს და საჯარო პირები არიან, საჯაროდ მეკითხა და ტელეფონზე გადავიღე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თვითონ როცა სჭირდებათ რამის თქმა, საჯაროობა არ აკლიათ.

მივარდნა და ჩხუბი, არაფერს არ მაძლევდა. მივედი თავიდან ზრდილობიანად, მივესალმე, ვკითხე, იცით დილას რა მოხდა-მეთქი? არანაირი ქალი ოჯახის წევრი, ბავშვი [ არ მიხსენებია] ამაზე სპეკულაცია, ხომ იცით, რატომ ხდება, რომ თავის მხარდამჭერებში მოახდინონ ამის ემოციური აღქმა. [მაგიდასთან იყო] არალეგიტიმური პარლამენტის 4 წევრი, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

მივედი, ვუხსენე, თუ ნახეთ-მეთქი და მინდოდა, კითხვები დამესვა [ლარის] კურსთან დაკავშირებით, ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით… როგორ შეიძლება, ქვეყანა წაიყვანო და განავითარო ისე, რომ 6 ქვეყნის გარდა არავინ გელაპარაკება.

უბრალოდ, დაკავებებით დავიწყე, ადამიანი დააკავეს სტიკერის გაკვრის გამო, თან ქალი… [„ოცნების“ წევრებისგან] ვიგრძენი ზემოდან ყურების დამოკიდებულება. აღქმა აქვთ დამახინჯებული, რომ კრიტიკულ შეკითხვას თუ სვამ, მათი მტერი ხარ და ორგანიზებული ჯგუფის წევრი ხარ… ვინც უნდა ყოფილიყო და ხელს აჭერს მწვანე ღილაკს, ნებისმიერთან მივიდოდი. ნოემბრის წამების ამბებზე რომ გავაგრძელე, ამან „ამხელა კაცი ხარო“ და ტელეფონის წართმევა სცადა და შეურაცხყოფა მომაყენა. პასუხი მეც გავეცი. იქ ფიზიკური შეხლა-შემოხლა არ მომხდარა. დავტოვე ის ადგილი, გავედი გარეთ. ცოტა ხანშივე, შეიძლება, 10 წუთში, გამოდიან სანიკიძე, ირაკლი ზარქუა და ჩემთვის უცნობი პირები. ზარქუა მეუბნება, „შე ჩმოროო“. „ჩმორი“ რომ დამიძახა, ვუპასუხე, რა „ჩმორს“ მეძახი-მეთქი და მერე მეც ვუპასუხე…წავიდნენ ისინი, დავიშალეთ. ფიზიკური შეხლა-შემოხლა არ ყოფილა“, – ამბობს ლაშა გაბიტაშვილი.

მისი თქმით, მეორე დღეს, 13 იანვარს სასტუმროში საუზმობდა, როცა მალევე გამოჩნდა ირაკლი ზარქუა. გაბიტაშვილი ამბობს, რომ გაეღიმა, რადგან დაპირისპირების მესამე ეტაპს მოელოდა და ტელეფონის ასაღებად წაიღო ხელი, ამის შემდეგ კი ზარქუამ უთხრა, „რა ტელეფონს იღებო“ და საჭმლიანი თეფში მოუქნია.

„ეს ყველაფერი გადაღებულია, მონტაჟი იყო. ვიღაც დადგა ცალკე, უკვე ეს დაგეგმილი იყო. ის ვიდეო, როგორ მოდის ირაკლი ზარქუა, ჩვენი გადაღებული არაა, მე და ჩემი ცოლი ვიყავით მარტო, სხვა არავინ. ვიდეო ვნახე მერე, ვიღაც გულშემატკივრობდა და რაღაც, არ ვიცნობ ამ ხალხს. ეს გადაიღო წინასწარ, თან ვინც მიღებს, შეურაცხყოფას მაყენებს. ეს თავისი ჩატებისთვის, ჯგუფებისთვის იყო, რომ ეჩვენებინათ, რომ მე დამსაჯეს. როგორი ასოციაცია გამიჩნდათ იცი? ხარებასთვის რომ სცემენ და ვიდეოებს უგზავნიან, ჩაიბარეთო. მადლობა, რომ გადაიღეს, სურათს ქმნის. ადამიანი, რომლისთვისაც ოჯახი და შვილები მნიშვნელოვანია, ბავშვს უქმნის საფრთხეს, იქ პატარა ბავშვი იჯდა“, – ამბობს მოქალაქე.

ლაშა გაბიტაშვილის თქმით, მან ამ ჩხუბის დროს იცნო ვიქტორ სანიკიძე, ირაკლი ზარქუა და გელა სამხარაული. მანვე გამოუძახა პოლიციას. გაბიტაშვილი ვარაუდობს, რომ პოლიციაში დარეკა სასტუმროს მენეჯმენტმაც.

მას ახსოვს, რომ მასთან ერთად უცნობი პირი და სასტუმროს დაშავებული თანამშრომელი გაიყვანეს, თუმცა არ ახსოვს, რა მოხდა კონკრეტულად.

„აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანს, გიორგი გოგოლაძეს, უსვრია თეფში, გაუტყდა თავი ამ კაცს. ამის იდენტიფიცირება სასტუმროს კამერებიდან პოლიციამ მოახდინა. პოლიცია იმიტომ გამოვიძახე, რომ იმათი დაჭერა კი არ მინდოდა, მინდოდა, ენახათ, რომ იმუნიტეტი სადაც არ იცავთ და არის სხვა სამართალი, როგორ მოექცევიან მათ“, – თქვა გაბიტაშვილმა.

მისი თქმით, პოლიციას განუმარტა, რომ ის გახდა ორგანიზებული თავდასხმის მსხვერპლი. ამის შემდეგ გიორგი გოგოლაძე გადაიყვანეს, თვითონ კი დაკავებული არ იყო, თუმცა პოლიციაში გამოკითხვაზე მისვლის შემდეგ ისიც იზოლატორში მოათავსეს.

„მალევე წავედი პოლიციაში და მგონია, რომ ჩვენებას მივცემ და მალევე წამოვალ… რა როგორ განვითარდა დეტალებს ვერ ვისაუბრებ. აღმოჩნდა, რომ მეც იზოლატორში გადამიყვანეს. ტელეფონზე წვდომა აღარ მქონდა, ჩემი მეუღლე დარჩა მარტო.

მე მადლობელი ვარ აბუ-დაბის პოლიციის და სამართლის და რა კუთხით – არავის არ ვუწამებივარ, არავის არ უფურთხებია, არავის შეურაცხყოფა არ მოუყენებია…

მერე ისე მოხდა, რომ იზოლატორში თანაკვეთები გვქონდა. დეტალები საინტერესოა, მაგრამ უფრო ცნობისმოყვარეობის თემაა, ვიდრე მნიშვნელობა აქვს. გვქონდა მომენტები, როცა ერთ საკანში ვიყავით. იზოლატორი საერთო განთავსებისაა, მე ცალკე ვიყავი, სადაც ბევრი ადამიანი იყო, თუმცა თანაკვეთა გვქონდა.

მე თავიდანვე ავუხსენი, რომ მათთან პირადული არაფერი მქონდა და არც თვითმიზანი მქონდა, რომ ისინი ციხეში ჩამესვა, მაგრამ როცა ვერ აღიქვამ და ისმენ შენი მოქალაქეების ხმას, ხდება ქვეყანაში წამება და უსამართლობა და ამ ყველაფრის ფონზე „ქოლდფლეის“ კონცერტზე ხარ, ეს არის პრობლემა. კიდევ ბევრი რამე ვუთხარი…

თვითონ რა უნდა ეთქვათ, არ ვიცი, რაც საქართველოში ჩამოვიდნენ, რას ამბობენ ამაზე, ვერაფერს… თავიდანვე ავუხსენი, რომ ირაკლი ზარქუას დაწყებული იყო ეს, შეურაცხყოფა მან მომაყენა, როცა მე შეკითხვა დავსვი. როცა მოეხსნათ იმუნიტეტი და გარეთ დარჩათ ძალაუფლება და კავშირები, ჩვენ მშვიდად შეგვეძლო საუბარი. მე ველაპარაკებოდი, მაგრამ სასაუბრო რა გვქონდა? ისინი დიდად არ გვპასუხობდნენ. ჩემი თხოვნა და მოთხოვნა იყო, რომ დაკავებულების საქმეებს გაცნობოდნენ, თუმცა ამის პირობა არ მიმიღია“, – ამბობს გაბიტაშვილი.

ლაშა გაბიტაშვილის თქმით, ერთ შენობაში იყო პოლიციაც, იზოლატორიც და სასამართლო პროცესიც ონლაინ გაიმართა. ის არ აკონკრეტებს, რა დრო გაატარეს მათ იზოლატორში. ჟურნალისტის ყველა დამაზუსტებელ შეკითხვაზე აღნიშნა, რომ „დეტალებში ვერ შევა“.

ის ადასტურებს, რომ „ოცნების“ წევრებს და მას ერთი და იგივე ბრალდება ჰქონდათ წარდგენილი და ჯარიმა დაეკისრათ.

გაბიტაშვილის თქმით, „ოცნების“ წევრები დიპლომატიური პასპორტით და დეპუტატის იმუნიტეტის სარგებლობას ცდილობდნენ, თუმცა არ გამოუვიდათ.


ამ ინციდენტის შესახებ ირაკლი ზარქუამ პირველი კომენტარი 23 იანვარს გააკეთა.

მან თქვა, რომ აბუ-დაბის საპატიმროს დატოვების საშუალება ჯარიმის გადახდის შემდეგ მიეცათ. თუმცა, მისი თქმით, ეს არ არის 80 ათასი დოლარი, როგორც გავრცელდა.

„იყო სასამართლო, ჯარიმა და ჯარიმის საფუძველზე შემდეგ მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვეტოვებინა აბუ-დაბი. ამ 3 და 4 ათას დოლარს, ბუნებრივია, ჩვენ გადავიხდით“, – თქვა ზარქუამ.

ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე 13 იანვარს აბუ-დაბიში საქართველოს მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ლაშა გაბიტაშვილმა სასტუმროში გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა. „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში ის ჰყვებოდა, რომ სასტუმროში საუზმის დროს „ოცნების“ წევრები მასთან წინა დღეს მომხდარის გამო მიცვივდნენ.

ასევე, სხვა მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ იწყებენ „ოცნების“ წევრები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თავდასხმას ლაშა გაბიტაშვილზე, რომელიც სასტუმროში ცოლთან ერთად საუზმობდა.

ლაშა გაბიტაშვილმა წინა დღეს აბუ-დაბიში პროტესტი გამოხატა „ოცნების“ წევრების მიმართ მათი ქმედებების, მათ შორის, ბათუმში აქციის მონაწილეების გამო და ამის ამსახველი ვიდეოებიც გამოაქვეყნა.