ლაშა ჯიოშვილს FB პოსტში „პოლიციის შეურაცხყოფის“ საბაბით ოქმი შეუდგინეს

პუბლიკა

„ტვ პირველის“ ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ის ყვება, რომ დაუკავშირდნენ და აღნიშნულის შესახებ აცნობეს, ჯიოშვილი თავადაც მივიდა გორის სასამართლოს შენობასთან, სადაც პოლიციელმა ოქმი გააცნო. სამართალდამცავი მას ეუბნება, რომ ოქმი შეადგინეს FACEBOOK-ზე გამოქვეყნებულ პოსტთან და ვიდეოსთან დაკავშირებით:

„მოქალაქე ლაშა ჯიოშვილმა მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და აღნიშნულ ვიდეოზე დადებული ტექსტი, სადაც თქვენ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებთ ასევე შიგან საქმეთა სამინისტროს, ეს არის საქმის მასალები, ეს უნდა შევიტანოთ სასამართლოში“, – უთხრა ჯიოშვილს პოლიციელმა.

ჯიოშვილმა ოქმს ხელი არ მოაწერა. 6 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტში ჯიოშვილს მონიშნული ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდი და ეწერა: „თქვენ ღირსება აყრილი დედას ***ეცი“. ვიდეოში ჯიოშვილი ყვება, რომ გორში საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დემონსტრანტებს მანქანიდან რაღაც მიაძახეს, ამ მანქანას პატრული გაჰყვა, თუმცა აქტივისტებმა გადაიღეს „როგორ ტკბილად საუბრობენ, მხარზე ხელის დარტყმით, ხელის ჩამორთმევით ემშვიდობებიან ერთმანეთს“. მისი თქმით, 6 აპრილს იგივე მანქანა შსს-ს საშვით ნახეს.

ჯიოშვილი ამბობს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან. ეს მუხლი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას გულისხმობს „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით“. მუხლი ითვალისწინებს 2000-დან 5000 ლარამდე ჯარიმას ან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობას.

საქმის განხილვა 10 აპრილსაა ჩანიშნული.