„ტვ პირველის“ ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს სოციალურ ქსელ Facebook-ზე პოლიციელის შეურაცხყოფის საბაბით 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. გორის სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და ის ჯიოშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ჯიოშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან. ეს მუხლი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას გულისხმობს „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით“.
ადვოკატი ამბობს, რომ მას არანაირი შეურაცხყოფა კონკრეტული პოლიციელებისთვის არ მიუყენებია.
„დადასტურდა ამ მტკიცებულებებიდან ის, რასაც ვამბობდით, რომ ლაშა ჯიოშვილს არანაირი შეურაცხყოფა კონკრეტული პოლიციელებისთვის არ მიუყენებია. მან გამოხატა თავისი საპროტესტო დამოკიდებულება და ნეგატიური დამოკიდებულება უწყების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. თვითონ კონკრეტული პოლიციელის პატაკიც იყო, რომელიც არ უთითებს, რომ მას ვინმემ რაიმე შეურაცხყოფა მიაყენა“, – თქვა ადვოკატმა ლექსო მერებაშვილმა 10 აპრილს, როცა გორის სასამართლომ საქმე განიხილა.
ადვოკატი „პუბლიკას“ ეუბნება, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ოქმი ჯიოშვილს სამართალდამცავებმა 8 აპრილის გააცნეს და უთხრეს, რომ ის შეადგინეს FACEBOOK-ზე გამოქვეყნებულ პოსტთან და ვიდეოსთან დაკავშირებით:
„მოქალაქე ლაშა ჯიოშვილმა მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და აღნიშნულ ვიდეოზე დადებული ტექსტი, სადაც თქვენ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებთ ასევე შიგან საქმეთა სამინისტროს, ეს არის საქმის მასალები, ეს უნდა შევიტანოთ სასამართლოში“, – უთხრა ჯიოშვილს პოლიციელმა.
6 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტში ჯიოშვილს მონიშნული ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდი და ეწერა: „თქვენ ღირსებააყრილი დედას ***ეცი“. გამოქვეყნებულ ვიდეოში ჯიოშვილი ჰყვება, რომ გორში საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დემონსტრანტებს მანქანიდან რაღაც მიაძახეს, ამ მანქანას პატრული გაჰყვა, თუმცა აქტივისტებმა გადაიღეს „როგორ ტკბილად საუბრობენ, მხარზე ხელის დარტყმით, ხელის ჩამორთმევით ემშვიდობებიან ერთმანეთს“. მისი თქმით, 6 აპრილს იგივე მანქანა შსს-ს საშვით ნახეს.