ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია POSTV დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ლაშა ნაცვლიშვილი თავის facebook გვერდზე ავრცელებს.
ნაცვლიშვილის თქმით, მისი წასვლით შინაარსობრივად არაფერი იცვლება და ის მუდამ იქნება ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური მოძრაობის მხარდამჭერი. მისი თქმით, ის ბრძოლა ახალ ამპლუაში გააგრძელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიები, მათი კომიკური აქტორები და ჩემი სხვა ხელმოცარული არაკეთილმოსურნეები გააფთრებით და ხმაშეწყობილად ავრცელებენ ჭორს და სიცრუეს, თითქოს რაღაც გავიტანე, შემოვიტანე, გავიქეცი… გარწმუნებთ, POSTV-დან ჩემი წამოსვლით შინაარსობრივად არაფერი შეიცვლება, რადგან მუდამ ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური მოძრაობის საჯარო და აქტიური მხარდამჭერი და 2012 წლის 1 ოქტომბრის იდეალების ერთგული. ასე რომ, ჩვეული შემართებით, ოღონდ განსხვავებულ ამპლუაში ვაგრძელებ ბრძოლას. ნუ ცქმუტავთ, დამშვიდდით, დაიოკეთ ნერვები და დაელოდეთ“, – წერს ნაცვლიშვილი.
მანამდე, რამდენიმე კვირის წინ ლაშა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ მრჩეველის პოსტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში დატოვა და ის კვლავ POSTV-ზე დაბრუნდა, როგორც ხელმძღვანელი.
„დიდი პატივით, გეგმებითა და პასუხისმგებლობით ვბრუნდები POSTV-ის ხელმძღვანელად. დარწმუნებული ვარ, რომ ტელევიზია, რომელიც მოხულიგნო ინტერნეტფლატფორმიდან დაიბადა და რომელმაც სულ რაღაც ერთ წელიწადში, იქ მომუშავე უნიჭიერესი ადამიანების შრომისა და სიმტკიცის წყალობით, ოთხჯერ გაზარდა საკუთარი რეიტინგი და გავლენა, უკეთესი ხარისხითა და მეტი შეუპოვრობით დაიცავს 2012 წლის პირველი ოქტომბრის მონაპოვარს“, – წერდა ის საკუთარ facebook გვერდზე 21 თებერვალს.