პროკურორ ნათია ნოზაძის განცხადებით, გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული „მთავარი არხის” ყოფილი ტელეწამყვანი, ლაშა ნაკაიძე დანაშაულს არ აღიარებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ განუცხადა.
მისი თქმით, სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად გაიზიარა ის გარემოება, რომ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან პირველ რიგში მოწმეებზე, მათ შორის, დაზარალებულზე ზემოქმედების საფრთხე და ასევე დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან გამომდინარე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ამიტომ ნაკაიძეს პატიმრობა შეეფარდა.
მისივე თქმით, დაზარალებულს დაზიანებებთან დაკავშირებით შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.
ნათია ნოზაძის თქმით, დანაშაულის მოტივი შურისძიებაა.
„საქმეში არის წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულებები და ა.შ. მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება ხდება, მათ შორის იქნება ეს ფოტომასალა თუ ა.შ,” – განაცხადა პროკურორმა.
ნაკაიძის ადვოკატს, ლალი ბიბილეიშვილს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, გუშინ კი განაცხადა, რომ ლაშა ნაკაიძე ბრალს არ აღიარებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ დილის გადაცემის ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შესწორება: მასალის თავდაპირველ სათაურში შეცდომით, სიტყვა „არაერთის“ ნაცვლად, ეწერა „არაფერი“