„მე ვერ გეტყვით და ვერ გიპასუხებთ, რამდენად მართებულია სუს-ის განცხადება, მაგრამ შემიძლია ჩემი მოსაზრება გითხრათ – ისინი ტყუიან. მათ ბევრი რამე დამალეს”, – განაცხადა სუს-ის განცხადებაზე საუბრისას „დროებასთან” ინტერვიუში BBC-ის საგამოძიებო ფილმის რესპონდენტმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღების განყოფილების ყოფილმა უფროსმა, ლაშა შერგელაშვილმა.
„ჩვენ ეს ნივთიერება დავტესტეთ 2009 წელს, ან 2009 წლამდე. ეს მოხდა იალღუჯაზე. ჩვენ ყოველთვის ვტესტავდით ნებისმიერ საშუალებას იმისათვის, რომ გაგვეგო, მისი რეაქცია როგორი იქნებოდა. ტესტირების დროს იქ იყო უამრავი ადამიანი, მარტო მე არ ვყოფილვარ. შემცველობა ამ შენაერთების ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა. მე ვიცოდი, იმიტომ რომ პასუხისმგებელი ვიყავი, ვინაიდან ჩემს აღრიცხვაზე იყო.
იცოდა ჩემმა ხელმძღვანელობამ, რომელიც ზემოდან აკვირდებოდა ამ პროცესებს და მათ შორის კიდევ მაღალი თანამდებობის პირები. ამ პროცესში, როდესაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე მანამდე მიღებული რომელიმე წიწაკის გაზი, რომელიც მანამდე არაერთხელ დავტესტეთ, მოვახსენეთ, რომ ასეთი პროცესები იყო. ადამიანს ხანგრძლივად უვითარდება მოწამვლის პროცესები, შემდეგ ემართება ღებინებები და ა.შ. ჩვენ ტესტირების მომენტში შევთავაზეთ, რომ არ იქნებოდა ამის გამოყენება სასურველი. და სხვათა შორის, მაშინვე თქვეს, რომ თუ ეს ასეთი თემა იყო, არ გამოვიყენოთ. აქედან გამომდინარე მოხდა ამის დალუქვა”, – განაცხადა შერგელაშვილმა.
გიორგი თარგამაძს შეკითხვაზე, რატომ გაუჩნდა ეჭვი, რომ 2020 წლის 8 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სწორედ ეს ნივთიერება გამოიყენეს, შერგელაშვილი პასუხობს, რომ მან ეს „ზუსტად იცის.“
სუსის მტკიცებით, 2024 წლის 4-5 დეკემბრის აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციების დაშლის დროს გამოიყენებოდა ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც შსს-მ 2007 წლის დეკემბერში შეიძინა, ხოლო 2009 წლის მარტში შეიძინა ტრიქლოროეთილენი.
მაღრაძის თქმით, შსს-მ 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში გამხსნელად გამოიყენა „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი.
სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციების დაშლის დროს გამოიყენებოდა ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც შსს-მ 2007 წლის დეკემბერში შეიძინა, ხოლო 2009 წლის მარტში შეიძინა ტრიქლოროეთილენი.
მაღრაძის თქმით, შსს-მ 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში გამხსნელად გამოიყენა „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი.
ლაშა მაღრაძეს არ უთქვამს, რა ნივთიერებები გამოიყენეს საპროტესტო აქციების სხვა დღეებში – აქციები 28 ნოემბერს დაიწყო. შსს-მ იმავე დღეს დაიწყო დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების, მათ შორის, წყლის ჭავლის გამოყენება.
მისივე მტკიცებით, შსს-ს არასდროს შეუძენია „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი, შესაბამისად, არც აქციაზე გამოუყენებია.
სუსის უფროსის მოადგილისვე განცხადებით, ლაშა შერგელაშვილის მიმართ სუსში მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები სხვა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც „ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს ეხებოდა“.
მაღრაძემ თქვა, რომ „ამ საქმეზე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის ცნობილი მოვლენების პარალელურად“.
სუსმა 5 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უწყებამ აღმოაჩინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით. უწყება ამბობდა, რომ ბექა ჭულუხაძემ შეიძინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები და რომ ამ მასალით 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობის და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო.
სუსის 5 ოქტომბრის განცხადებით, იდენტიფიცირებული იყო პირი, რომელმაც ჭულუხაძის დაკვეთით დაამზადა დეტონატორი, ამავე დროს, მათ ტელეფონის დათვალიერების შედეგად ამოიღეს „ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება – რამდენიმე ვიდეოჩანაწერი, სადაც ჭულუხაძე გამოძიებით ჯერჯერობით დაუდგენელ პირს აჩვენებს მის მიერ შეძენილ იარაღებს, საბრძოლო მასალას და აბარებს ერთგვარ ანგარიშს აღნიშნულთან დაკავშირებით“. ლაშა შერგელაშვილზე სუსს არაფერი ეწერა.