„ქართული ოცნების” დეპუტატმა, რუსული კანონის მხარდამჭერმა მარიამ ლაშხმა ბრიტანულ პოდკასტს, The News Agents-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
ინტერვიუს დროს მას ასევე ჰკითხეს ე.წ. „გლობალური ომის პარტიაზე”, რომელსაც სახელისუფლებო პროპაგანდა ხშირად ახსენებს. ლაშხმა „გლობალური ომის პარტია” მასონებს შეადარა.
გთავაზობთ პოდკასტიდან ინტერვიუს ნაწყვეტს, რომლის თარგმანსაც გამოცემა „ტაბულა” ავრცელებს:
– თქვენმა პრემიერ-მინისტრმა გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრა. რა არის გლობალური ომის პარტია?
– ეს არის რაღაც, რაც… გჯერათ მასონების? ფრიმასონების, მაგალითად, ისინი, ვისზეც ათწლეულების განმავლობაში გვესმოდა და ვხედავდით, რომ მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ. დღეს მე თვითონ, საგარეო ურთიერთობებში ვარ ჩართული და როცა პარტნიორებთან მაქვს საქმე, ამბობენ, რომ კარგია და კარგად მიდიხართ, მაგრამ არის კიდევ მეორე ხმაც…
– მოიცადეთ, ე.ი., თქვენ ფიქრობთ, რომ… რას აკეთებენ ფრიმასონები? თქვენი აზრით, ფრიმასონები გლობალური ომით მანიპულირებენ?
– მე პირადად უბრალოდ ვადარებ მათ, ფრიმასონებს, რომლებიც ცალკე მდგომი ძალაა, რომლებსაც პირადულად არ ვიცნობთ.
– და ფრიმასონების გარდა სხვა ვინ?
– მასონების, რომლებსაც გავლენა აქვთ და ვაღიარებთ, რომ, დიახ, აქვთ გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე, ამის მსგავსი ძალაა.
– გლობალური ომის პარტიის წევრები მასონების გარდა ვინ არიან?
– ნუ, არ ვიცი…
– თქვენმა პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ ისაუბრა და „გლობალური ომის პარტია“ დაადანაშაულა ევროკავშირისა და აშშ-ს მანიპულირებაში…
– რომლებსაც აქვთ გავლენა, ხომ?! პიროვნულად არ ვიცი, მაგრამ არის დამატებითი ძალა, რომელსაც ასეთი გავლენა აქვს
– მთელი პატივისცემით, თუ თქვენი პრემიერი ადამიანებს ადანაშაულებს, რომ არის ჩრდილოვანი ორგანიზაცია, რომელიც გლობალური მასშტაბით ომს ამზადებს, რომელსაც გავლენა აქვს ევროკავშირზე, ორგანიზაციაზე, რომელშიც გაწევრიანების იმედი გაქვთ, არ გგონიათ, რომ უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს?
– კი, რა თქმა უნდა და ჩვენ გვყავს მაღალჩინოსნები, რომლებიც… ესეც [ინტერვიუ] მათთან შეხმიანების გზაა.
– ვისთან?
– ანუ, მათ ვეხმიანებით, ვინც არიან…
– მაგრამ ვინ არიან? ეს შეთქმულების პოლიტიკას ჰგავს.
– დიახ, შეგვიძლია შეთქმულება დავარქვათ.
– ე.ი. გჯერათ, რომ ამჟამად შეთქმულება არსებობს, რომელბიც გლობალური ომს ამზადებს ან დასავლეთს აიძულებს, რომ ომში ჩაერთოს?
– ჩვენ ამის მტკიცებულებები ვნახეთ.
[…]
– არ არის მართალი, რომ თქვენმა პარტიამ, თქვენი პრემიერი და თქვენი მილიარდერი სპონსორი ამზადებთ ამ შეთქმულებებს გლობალური ომის პარტიის შესახებ, რათა თქვენი ძალაუფლება გაიმყაროთ, თქვენი მოსახლეობა დააკმაყოფილოთ, უთხრათ, რომ ეს ხალხი თქვენს წინააღმდეგაა და ჩვენ მათგან დაგიცავთ? ეს ხომ ადამისდროინდელი ზღაპარია.
– არა.
– არც კი შეგიძლიათ, რომ დაასახელოთ ვინ არიან ეს ადამიანები. ვინ არიან ამ გლობალური ომის პარტიაში? ეს სრულიად გამოგონილს ჰგავს.
– არა, ეს არ არის გამოგონილი. ეს ფაქტებზეა. მტკიცებულებებზეა.