ლაშქარავას გარდაცვალებასა და 5 ივლისის ძალადობას შორის კავშირი არაა - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ლექსო ლაშქრავას გარდაცვალებასა და 5 ივლისის ძალადობის ფაქტს შორის კავშირი არ არსებობს.

„ლექსო ლაშქრავას გარდაცვალებასა და 5 ივლისის ძალადობის ფაქტს შორის კავშირი არ არსებობს. საბოლოო ჯამში, ამაზე უტყუარ დასკვნას, რა თქმა უნდა, წარმოადგენენ სამართალდამცავი ორგანოები“, – თქვა კობახიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

ხოლო გადაცემის წამყვანის შეკითხვის საპასუხოდ, რაზე დაყრდნობით ამბობს ამას კობახიძე მაშინ, როცა გამოძიებას დასკვნა ჯერჯერობით არ აქვს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, სამართალდამცავ ორგანოებს სჭირდებათ 100%-იანი სტანდარტი, მას კი შეუძლია განცხადების გაკეთება, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით „რომელიც ყველას გვაქვს“.

„მე იურისტი ვარ, ნახეთ, იურიდიული სტანდარტი არის უმაღლესი სტანდარტი. მაშინაც კი, როდესაც ყველამ ყველაფერი იცის, მაშინაც კი სამართალდამცავ ორგანოს მოეთხოვება იხელმძღვანელოს არა 99.9%-იანი სტანდარტით, არამედ 100%-იანი სტანდარტით. მხოლოდ ამაშია საქმე. ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ამ განცხადებების გაკეთება იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც ყველას გვაქვს.

რაც შეეხება ძალადობას 5 ივლისის, ძალადობა ჩვენ არაერთგზის დავგმეთ, კიდევ ერთხელ ვგმობ და არამხოლოდ ვგმობ, არამედ მიმდინარეობს პროცესი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ყველა მოძალადე დაისაჯოს კანონის შესაბამისად. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა“, – თქვა კობახიძემ.


„TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, თუმცა ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ცნობილი არაა. 5 ივლისს ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 5 პირი.