„TV პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით კუტალაძეს აღკვეთი ღონიძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, – გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსმართლე თეიმურაზ სიხარულიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა.
კუტალაძე 5 ივლისს „თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილ ღირსების მარშს აპროტესტებდა და ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წევრი იყო.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე დ.კ. [დავით კუტალაძე] და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორს ალექსანდრე ლაშქარავას.
კერძოდ, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
კუტალაძე 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.
ლაშქარავასა და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტ მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ამ დროისთვის ჯამში დაკავებულია 5 პირი, დანარჩენ ოთხსაც პატიმრობა აქვს შეფარდებული.
„TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. ის დღეს დაკრძალეს.
ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.