„TV პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებულ მე-6 პირს, გია გიგუაშვილს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
საქმეზე მომდევნო წინასასამართლო სხდომა 2 სექტემბერს ჩაინიშნა.
გია გიგუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით); 156-ე მუხლის მე-2 მუხლის (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) აქვს წარდგენილი.
სასამართლო სხდომაზე მან ბრალი ნაწილობრივ, 154-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში აღიარა.
ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ხუთი პირი. ხუთივეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.