ლატვია: ბალტიის ზღვის წყალქვეშა კაბელი, სავარაუდოდ, გარე ზემოქმედებით დაზიანდა

პუბლიკა

ლატვიის პრემიერმინისტრის, ევიკა სილინას განცხადებით, 26 იანვრის დილას ლატვიასა და შვედეთს შორის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, სავარაუდოდ, გარე ზემოქმედების შედეგად დაზიანდა.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი ლატვიის სახელმწიფო რადიოსა და ტელევიზიის ცენტრს (LVRTC) ეკუთვნის და ლატვიის ქალაქ ვენტსპილსს შვედეთის კუნძულ გოტლანდთან აკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციით, კაბელი, სავარაუდოდ, ძლიერადაა დაზიანებული.

ლატვიის პრემიერმინისტრმა X-ზე დაწერა, რომ გამოძიებაზე შვედ მოკავშირეებთან და NATO-სთანერთად მუშაობენ.

„დღეს დილით მივიღეთ ინფორმაცია, რომ ლატვიისა და შვედეთის დამაკავშირებელი მონაცემთა კაბელი დაზიანდა ბალტიის ზღვაში, შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მდებარე მონაკვეთში. ვმუშაობთ ჩვენს შვედ მოკავშირეებთან და NATO-სთან ერთად შემთხვევის გამოძიებაზე, მათ შორის ტერიტორიის პატრულირებაზე, ასევე იმ გემების შემოწმებაზე, რომლებიც ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ხელისუფლებამ დაიწყო ინფორმაციის ინტენსიური მიმოცვლა და გამოძიება“, — განაცხადა ევიკა სილინამ.

საზღვაო ძალების თქმით, უკვე გაიგზავნა ლატვიის საპატრულო ნავი ეჭვმიტანილი ხომალდის შესამოწმებლად. მათივე განაცხადებით, გამოძიებას ამ მხარეში მყოფი კიდევ ორი ​​გემი ექვემდებარება.

შვედეთის პრემიერმინისტრმა, ულფ კრისტერსონმა X-ზე დაადასტურა, რომ შვედეთი გამოძიებაში ლატვიასთან და NATO-სთან თანამშრომლობს.

„დღის განმავლობაში მქონდა კონტაქტი ლატვიის პრემიერმინისტრთან, ჩემს კოლეგა ევიკა სილინასთან. შვედეთი მჭიდროდ მუშაობს ლატვიასთან და NATO-სთან და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ძალისხმევაში ამ საეჭვო ინციდენტის გამოსაძიებლად“, — წერს კრისტერსონი.

კაბელის მფლობელის, ლატვიის სახელმწიფო რადიოსა და ტელევიზიის ცენტრის (LVRTC) განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დაზიანების ზუსტი მდგომარეობის დადგენა მხოლოდ კაბელის სარემონტო სამუშაოების დაწყების შემდეგ იქნება შესაძლებელი, რადგან ის ზღვაში 50 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

ასევე, LVRTC-ის თქმით, მოსახლეობისთვის მომსახურების მიწოდებას ალტერნატიული გზების მეშვეობით და მცირე შეფერხებებით მაინც განაგრძობს და ამ ყველაფერს, უმეტესწილად, გავლენა არ აქვს ლატვიელ მომხმარებლებზე.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბალტიის ზღვაში ელექტროგადამცემი კაბელების, სატელეკომუნიკაციო კავშირებისა და გაზსადენების დაზიანების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

NATO-მ გასულ კვირას გამოაცხადა, რომ იწყებს უსაფრთხოების მისიას სახელწოდებით Baltic Sentry, რომლის ფარგლებშიც ბალტიის ზღვაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად ფრეგატების, საპატრულო თვითმფრინავებისა და საზღვაო დრონების განთავსებას გეგმავს.

ასევე, გასულ თვეში ფინეთის ეროვნულმა საგამოძიებო ბიურომ (NBI) ფინეთის ყურეში დააკავა ტანკერი Eagle S, რომელიც ეჭვმიტანილია ელექტროკაბელის, EstLink 2-ისა და ოთხი საკომუნიკაციო კაბელის დაზიანებაში.

2024 წლის დეკემბერში წყალქვეშა ელექტროკაბელმა Estlink 2 მოულოდნელი ავარია განიცადა, რის შედეგადაც ესტონეთსა და ფინეთს შორის ელექტროენერგიის გადამცემი სიმძლავრე 1,016 მეგავატიდან 358 მეგავატამდე შემცირდა. პოლიციის ვარაუდით, ხომალდმა Eagle S ზღვის ფსკერზე ღუზა ჩაუშვა და კილომეტრების მანძილზე განზრახ ათრია, რათა კაბელები დაეზიანებინა.