ლატვია საქართველოს 15 ათას დოზა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას გადმოსცემს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა.
„მოხარული ვარ, რომ მივეცით ბიძგი პროცესებს და ლოჯისტიკური საკითხის გათვალისწინებით, საქართველოს კოვიდის საწინააღმდეგო 15 ათასი დოზა ვაქცინა გადმოეცემა “, – აღნიშნა მინისტრმა.
ედგარს რინკევიჩსმა ხაზი გაუსვა პანდემიასთან ბრძოლაში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა პირდაპირი ფრენების აღდგენაზე და აღნიშნა, რომ „ეარ ბალტიკი“ თბილისი-რიგის მიმართულებით ფრენებს ახორციელებს კვირაში სამჯერ და იმედი გამოთქვა, რომ მიმოსვლა მალე დაუბრუნდება პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ტურისტული მიმოსვლის განახლებას.
7-8 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი სტუმრობს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან. საქართველოში ყოფნისას ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.