ლატვიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ბექა ოდიშარიას საპატიო კონსულის წოდება ჩამოართვა. ინფორმაცია ამის შესახებ „პუბლიკას“ ლატვიის საელჩოში დაუდასტურეს.
ოდიშარია ლატვიის საპატიო კონსული 2013 წელს გახდა.
ოდიშარიასთვის საპატიო კონსულის წოდების ჩამორთმევაზე 4 აპრილს ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რიჰარდ კოლსმა ისაუბრა და გამოეხმაურა ოდიშარიას მიერ პარლამენტში ქალი დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებას.
„ის პასუხისმგებელია თავის სიტყვებზე, რომლებიც ტრიბუნიდან მისი კოლეგების, პარლამენტის ქალი წევრების მიმართ გამოიყენა. ტექსტი ცალსახად ამაზრზენი, საზიზღარია.
ოდიშარია საქართველოში ლატვიის საპატიო კონსულია – პირი, რომელსაც ლატვია ანდობს თავის წარმომადგენლობას.
ასე გაგრძელება უპატივცემულობას ნიშნავს. ეს საკმარისზე მეტი მიზეზია იმისთვის, რომ მას საპატიო კონსულის სტატუსი ჩამოერთვას.
საქართველო კვლავ უფრო და უფრო უახლოვდება კრემლს და უფრო შორდება ქართველი ხალხის მიერ არაერთხელ გამოთქმულ პოზიციას, რომ მათი მომავალი ევრო-ატლანტიკურ სივრცეშია. გაცოცხლებული ზომბი – „უცხოური აგენტები” კანონი, რომელიც რუსეთის მოდელზე შეიქმნა და აბსოლუტურად უარყოფილია. თქვენ არგუმენტები გელევათ”, – წერდა კოლსი.
ბექა ოდიშარიამ 3 აპრილს პარლამენტში ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მათ შეაგინა და მათი მისამართით მიზოგინიური განცხადებები გააკეთა.
„ეს არის მოუტ***ლი ქალების სინდრომი. კაცი მაინც იყო, რომ გითხრა, მტყუანის დედა ვატირე”, – თქვა მან ქალი დეპუტატების სიტყვით გამოსვლის დროს.