ლატვიის სეიმმა 31 მაისს ახალი პრეზიდენტი აირჩია. გამოცდილმა დიპლომატმა ედგარს რინკევიჩმა 100 წევრისგან შემდგარ პარლამენტში 52 ხმა მიიღო, ერთით მეტი, ვიდრე გამარჯვებისთვის სჭირდებოდა.
მოქმედმა პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა, რომელიც ამ თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა, მეორე ვადით ასარჩევად თავდაპირველად თავისი კანდიდატურა წამოაყენა, მაგრამ შემდეგ მოხსნა.
რინკევიჩის მთავარმა კონკურენტმა ბიზნესმენმა ულდის პილენსმა მესამედ გამართულ კენჭისყრაში 25 ხმა მიიღო, მას შემდეგ რაც პრეზიდენტობის კიდევ ერთმა მსურველმა ელინა პინთომ მოხსნა თავისი კანდიდატურა.
რინკევიჩი იქნება ლატვიის მე-11 და პირველი ღიად გეი პრეზიდენტი ბალტიის ქვეყნების ისტორიაში. მან თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ჯერ კიდევ 2014 წელს ისაუბრა საჯაროდ.
ედგარს რინკევიჩი 2011 წლიდან ამ დრომდე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო რამდენიმე პრემიერ-მინისტრის კაბინეტში. ის ამ პოსტზე ყველაზე ხანგრძლივად მყოფი დიპლომატია ქვეყნის ისტორიაში. მანამდე რინკევიჩი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავდაცვის მდივნის პოსტზე მუშაობდა. იყო ლატვიის სეიმის წევრიც.
რინკევიჩი ლატვიაში პოპულარული პოლიტიკოსია, გამორჩეულია უკრაინის აქტიური მხარდაჭერითა და რუსეთისადმი მკაცრი განცხადებებით.