ლატვიის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ გამოაცხადა

პუბლიკა

ლატვიის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. დღეს პარლამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ რუსეთის აგრესია ტერორიზმად არის შეფასებული, რუსეთი კი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ.

ლატვიის პარლამენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, რომ დაუყოვნებლივ შეაჩერონ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა.

„რუსეთი მხარს უჭერდა და აფინანსებდა ტერორისტულ რეჟიმებსა და ორგანიზაციებს მრავალი წლის განმავლობაში, პირდაპირ თუ ირიბად, მათ შორის, ასადის რეჟიმის მომარაგებით, სკრიპალების ოჯახის მოწამვლითა და სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებით უკრაინაში.

უკრაინაში რუსეთმა აირჩია ბოროტი, ამორალური და არაკანონიერი ტაქტიკა, იყენებს ნაკლები სიზუსტისა და საერთაშორისოდ აკრძალულ იარაღსა და საბრძოლო მასალებს, იყენებს არაპროპორციულ ძალას მშვიდობიანი მოქალაქეებთან და საჯარო სივრცეებთან მიმართებაში.

იმისთვის, რომ მიაღწიოს თავის არაკანონიერ მიზნებს ამ აგრესიულ ომში, რუსეთი ცდილობს უკრაინელი ხალხის დემორალიზებასა და დაშინებას“, – განაცხადა რიჰარდს კოლსმა, ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარემ.

პარლამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო მისიებმა აღრიცხეს რუსული არმიის მიერ უკრაინელი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, მათ შორის, წამების, გაუპატიურების, მიზანმიმართული მკვლელობების, დეპორტაციისა და მოქალაქეთა ე.წ. საფილტრაციო ბანაკებში მასობრივად გადაყვანის შემთხვევები.

ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა დაარღვია უკრაინიდან მარცვლეულის გატანის შესახებ შეთანხმება და მისი ხელმოწერიდან ერთ დღეზე ნაკლებში ოდესის პორტზე მიიტანა სარაკეტო იერიში. ამით ის აჩვენებს მოსკოვის დამოკიდებულებაზე საერთაშორისო სამართლისა და ვალდებულებების მიმართ და აღრმავებს გლობალურ სასურსათო კრიზისს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ლატვიის პარლამენტი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს ტერორიზმის კვალიფიკაციას აძლევს, რუსეთს კი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აცხადებს. ლატვიის პარლამენტი მოუწოდებს სხვა ქვეყნებსაც, რომ მსგავსი შეფასება მისცენ რუსეთის მოქმედებებს.

პარლამენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, რომ გააძლიერონ სანქციები რუსეთის მიმართ და შეუზღუდონ ევროპაში შესვლა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ტურისტული ვიზების შეჩერებით.