ლავროვი ამბობს, რომ მიესალმება პროექტებს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვი ამბობს, რომ დასავლეთი „თავისი კაპრიზებით ხელს უშლის საქართველოს დიალოგს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან“, თუმცა, მისი თქმით, არის მექანიზმებიც, რომელთაც ის მიესალმება. ამის შესახებ ლავროვმა თავისი უწყების მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შემაჯამებელ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ჩვენ ვემხრობით, რომ აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა დაალაგონ ურთიერთობები საქართველოსთან. არსებობს დიალოგის მექანიზმები, რომლებშიც ჩართულებიც ვართ“, – განაცხადა ლავროვმა.

როგორც რუსული პროკრემლისტური მედია წერს, მან ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებულ ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობების პროექტზე და მის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. „ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან სასარგებლოა“, – დასძინა ლავროვმა.

„ისიც მართალია, რომ ახლა ე.წ. ჟენევის დისკუსიების დასავლელი მონაწილეები – ევროკავშირი, გაერო, ეუთო და აშშ ცდილობენ ეს ფორმატი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მძევლად აქციონ. ეს უხერულია და ვფიქრობ, არაპროფესიონალურია. ეს ნიშნავს, რომ ისინი გარკვეულ რეგიონში ასრულებენ კონკრეტულ ამოცანებს თავიანთი პოლიტიკური წყენისა და კაპრიზების მიხედვით“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვის თქმით, მთლიანობაში, მათ ქართველ ხალხთან პრობლემები არ აქვთ. 2008 წელთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ მაშინ NATO-მაც „ითამაშა თავისი როლი“.

„აპრილში, NATO-ს ბუქარესტის სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველო და უკრაინა გახდებოდნენ NATO-ს წევრები. სააკაშვილი კი, არ მინდა, ჟარგონი ვიხმარო და ზოგადად, თავაშვებულია, არის ემოციურიც და გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი ინდულგენცია იყო“, – თქვა ლავორვმა.

მისი თქმით, უკრაინელებს უფრო მეტი დრო დასჭირდათ „ბუქარესტის იმპულსის“ მისაღწევად და თავიანთი ტერიტორიიდან „ყველაფერი რუსულის“ განდევნის გადაწყვეტილების მისაღებად.