რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეფასებით, პაველ დუროვის საფრანგეთში დაკავება აჩვენებს, რომ Telegram სანდო მესენჯერია ინფორმაციის უსაფრთხოების თვალსაზრით.
კითხვაზე, გამოიყენებენ თუ არა რუსი ოფიციალური პირები აპლიკაციას პაველ დუროვის დაკავების შემდეგ, სერგეი ლავროვმა უპასუხა:
„რაც შეეხება ამ პლატფორმის გამოყენებას, ის ნამდვილად დაცულია. ყოველ შემთხვევაში, თუ ამაზე აქამდე რამე ეჭვი არსებობდა, ახლა, როცა დუროვი აშკარად დააკავეს ვიღაცის რჩევის საფუძველზე და მას საშინელი სასჯელით ემუქრებიან, როგორც ჩანს, იმედოვნებენ, რომ როგორმე მიიღონ წვდომა დაშიფვრის კოდებზე. ახლა საფრანგეთის ქმედებებით უკვე ჩანს, რომ Telegram ნამდვილად სანდო და პოპულარული ქსელია”.
Telegram-ის დამფუძნებელი, ეროვნებით რუსი პაველ დუროვი პარიზის აეროპორტში 24 აგვისტოს დააკავეს მას შემდეგ, რაც იქ აზერბაიჯანიდან კერძო თვითმფრინავთ ჩაფრინდა.
პარიზის პროკურატურის განცხადებით, მისი დაკავება კიბერდანაშაულის შესახებ მიმდინარე გამოძიების ნაწილია.
პარიზის პროკურორ ლორ ბეკუუს განცხადებით, გამოძიება ეხება უკანონო ტრანზაქციებს, ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის გავრცელებაში თანამონაწილეობას, ნარკოტიკების გავრცელებაში თანამონაწილეობას, ფული გათეთრებაში თანამონაწილეობას, ასევე, თაღლითობას და ხელისუფლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმას.
„ტელეგრამ” მესენჯერის გარდა, პაველ დუროვის შექმნილია რუსული სოციალური ქსელი „ვკონტაკტე“.