რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, სანამ კიევს „ომის პარტია“ მართავს, მშვიდობის შესახებ დიალოგი ძნელი წარმოსადგენია.
„კიევს „ომის პარტია“ მართავს და ის ცდილობს, როგორც მინიმუმ, სიტყვით დაამარცხოს რუსეთი „ბრძოლის ველზე“. ასეთ პირობებში მშვიდობის შესახებ დიალოგი ძნელი წარმოსადგენია“, – განაცხადა ლავროვმა „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას.
ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ნატოს მიერ F-16 გამანადგურებლების მიწოდებას რუსეთი „ბირთვულ სფეროში სასიგნალო ქმედებად“ მიიჩნევს.
„F-16 გამანადგურებლები დიდი ხანია იყო მიწოდების მთავარი საშუალება ნატოს ე.წ. ერთობლივი ბირთვული მისიების ფარგლებში. ამიტომ, ჩვენ არ შეგვიძლია კიევის რეჟიმისთვის ამ სისტემების მიწოდება არ მივიჩნიოთ, როგორც NATO-ს მიზანმიმართული სასიგნალო ქმედება ბირთვულ სფეროში. ისინი ცდილობენ, გაგვაგონონ, რომ უკრაინაში აშშ და ნატო მზად არიან ფაქტობრივად ყველაფრისთვის“, – განაცხადა ლავროვმა.
სერგეი ლავროვის თქმით, ამერიკელების მიერ სახმელეთო საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განლაგების გეგმების განხორციელება რუსეთის რეაგირების გარეშე არ დარჩება.
ლავროვის განცხადებით, ჩინეთმა შესაძლოა მოაწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინას შორის. ამასთან, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი იზიარებს ჩინეთის პოზიციას კონფლიქტის ძირეული მიზეზების განხილვის აუცილებლობაზე.
„ჩვენ ვიზიარებთ [ჩინეთის] პოზიციას, რომ კონფლიქტის ძირეული მიზეზები, პირველ რიგში, უნდა განიხილებოდეს და დაცული იყოს ყველა მხარის სამართლებრივი ინტერესები, თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპზე დამყარებული შემდგომი შეთანხმებები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს გულისხმობს ადგილზე არსებული რეალობის პატივისცემას, რომელიც ასახავს იქ მცხოვრები ხალხის ნებას“, – აღნიშნა ლავროვმა.