ლავროვის კომენტარი მიუტევებელი და აღმაშფოთებელია – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

პუბლიკა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, იაირ ლაპიდის თქმით, ლავროვის კომენტარი ჰიტლერსა და ებრაულ სისხლზე „მიუტევებელი და აღმაშფოთებელია“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ანტისემიტური კომენტარი იტალიურ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა. ლავროვმა განაცხადა, რომ ვოლოდიმერ ზელენსკის ებრაული წარმომავლობა ხელს არ უშლის მის ქვეყანაში ნაცისტური ელემენტების არსებობას. „რამდენადაც ვიცი, ებრაული სისხლი ჰქონდა ჰიტლერსაც, ერთ-ერთ ყველაზე უარეს ანტისემიტ ებრაელს“, – თქვა ლავროვმა.

ლავროვის კომენტარის შემდეგ ისრაელში რუსეთის ელჩი დაიბარეს. მთავრობის წევრებმა კი საგარეო საქმეთა მინისტრი გააკრიტიკეს.

„ლავროვის კომენტარი არის მიუტევებელი და აღმაშფოთებელი განაცხადება, ამასთან, საშინელი ისტორიული შეცდომა. ველოდებით ბოდიშს. ებრაელები ჰოლოკოსტის დროს ერთმანეთს არ ხოცავდნენ. ებრაელების წინააღმდეგ რასიზმის ყველაზე მდაბიო ფორმაა, დააბრალო თავად ებრაელებს ანტისემიტიზმი“, – თქვა იაირ ლაპიდმა.

ისრაელის კომუნიკაციების მინისტრმა, იოაზ ჰენდელმა კი თქვა, რომ ის არ დაუშვებს ჰოლოკოსტის გაუფასურებას.

„ესაა ბოდვა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში რუსეთის საშინელი ქმედებების გამართლებას“, – თქვა ჰენდელმა.