ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ სერგეი ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელს შეხვდა და განაცხადა, რომ რუსეთი „აფხაზეთს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებაში” დაეხმარება.
„ჩვენ გავაგრძელებთ აფხაზეთის დახმარებას მისი სოციო-ეკონომიკური განვითარებისთვის… შეთანხმების შესაბამისად, გავაგრძელებთ თანამშრომლობას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო პოზიციების განსამტკიცებლად “, – უთხრა ლავროვმა სერგეი შამბას.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი შეხვდა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მინისტრს ახსარ ჯიოევს და თქვა, რომ 2008 წლის გადაწყვეტილებები „გადახედვას” არ ექვემდებარება.
სწორედ 2008 წლის სექტემბერში გამოაცხადა რუსეთმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობა”.
გაეროს გენერალური ასამბლეის პრესკონფერენციაზე რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, „საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, თუ ქვეყნები ამით დაინტერესებულები იქნებიან“.
ლავროვის ეს განცხადება „პოზიტიურად” შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ და აქვე აღნიშნა, რომ „პოზიტიური განცხადების” პარალელურად „ქმედითი ნაბიჯებიც” უნდა გადაიდგას. კერძოდ, კალაძის განცხადებით, უნდა დაიწყოს საუბარი „სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რათა მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა”.
ამასთან, დღეს 4 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთს, ოკუპირებულ ცხინვალში, შესაძლოა მიწის ნაკვეთი გადაეცეს სამხედრო ბაზისთვის.
რუსეთის მთავრობა დათანხმდა, დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო დეპარტამენტს შორის „მიწის ნაკვეთის ერთობლივი რუსული სამხედრო ბაზის საკუთრებაში გადაცემის საკითხზე“.
ბრძანებას ხელს რუსეთის პრემიერი, მიხეილ მიშუსტინი აწერს.