რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, თუკი, რა თქმა უნდა, საქართველო მათთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას მოინდომებს. რუსული მედიის ინფორმაციით ამის შესახებ ლავროვმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში ისაუბრა.
„თუ საქართველოს მართლაც სურს, რომ რუსული კარტი არ გაათამაშოს დასავლეთის მფარველობის შესანარჩუნებლად და ჩვენთან, როგორც მეზობლებთან ნორმალურად ცხოვრება უნდა, ამისთვის ნებისმიერ მომენტში მზად ვართ“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებასაც განიხილავდა 2019 წლის 20 ივნისამდე, სანამ თბილისში დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით სიტუაცია გამწვავდებოდა.
„ჩვენ გვსურდა საპასუხო ნაბიჯი გადაგვედგა ჩვენი ქართველი მეზობლების მიმართ, როცა მათ ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღეს. ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალს მოვლენების განვითარებას და არავისთვის დაგვიშლია საქართველოში მოგზაურობა.
წელიწად-ნახევრის წინ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებისთვისაც კი ვიყავით მზად, მაგრამ შემდეგ მოხდა არასასიამოვნო ინციდენტი, პროვოკაცია ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მიმართ, რომელიც თბილისში მართლმადიდებლობის საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად ჩავიდნენ“, – თქვა ლავროვმა.