ლავროვის თქმით, საქართველოსთვის 3+3 ფორმატის კარი ღიაა

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველოსთვის 3+3 ფორმატი ღიაა – მის კომენტარს რუსული სახელისუფლებო მედია, Tass ავრცელებს.

„თავიდანვე ყველა შეთანხმდა, რომ გვაქვს 3+3 ფორმატი და გვესმის საქართველოს პოზიციის სირთულეები და ნიუანსები, მაგრამ საქართველოს წარმომადგენლების ადგილი ყოველთვის იქნება ამ ფორმატის შეხვედრაზე. ჩვენ დავუდასტურეთ ქართულ მხარეს, რომ კარი ღიაა და სკამი ადგილზეა“.

Tass-ის ცნობით, ლავროვი ამბობს იმასაც, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ქვეყნის ეროვნული ინტერესებით მოქმედებს.

„ეჭვგარეშეა, რომ 3+3 ფორმატი ყველა მონაწილის ინტერესების შესაბამისად მუშაობს. სხვათა შორის, ეს აშშ-ის წინა ადმინისტრაციაში იწვევდა შურს და სცადეს 3+3 ფორმატის 3+1 ფორმატით ჩანაცვლება“, – განაცხადა ლავროვმა.

3+3 ფორმატზე ლაპარაკი 2020 წლის დეკემბერში დაიწყო – შესაბამისი ინიციატივით თურქეთის პრეზიდენტი, რეფეჯ თაიფ ერდოღანი გამოვიდა.

ფორმატი გულისხმობს რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმას „თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”.

საქართველომ მაშინ განაცხადა, რომ არ აპირებს, პლატფორმას შეუერთდეს. ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა 2021 წელს გაიმართა, მეორე – 2023 წლის 23 ოქტომბერს ირანის დედაქალაქ თეირანში. საქართველო არცერთ მათგანს არ დასწრებია.