ლავროვის თქმით, მესამე მსოფლიო ომი თუ დაიწყება, ის ბირთვული იქნება

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მესამე მსოფლიო ომი თუ დაიწყება, ის იქნება ბირთვული და გამანადგურებელი ომი. ამის შესახებ ლავროვი ტელეკომპანია Al Jazeera-სთან ინტერვიუში საუბრობს, რომლის ფრაგმენტიც გამოქვეყნდა.

ლავროვის თქმით, დასავლეთმა უარი თქვა, რუსეთთან ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა განეხილა, რუსეთი კი უკრაინას არ მისცემს საშუალებას, რომ ბირთვული იარაღი შექმნას.

„სამხედრო ოპერაცია, მათ შორის კიევში, უკრაინის განიარაღებას ისახავს მიზნად. რუსეთი არ მისცემს უკრაინას საშუალებას, რომ ბირთვული იარაღი შექმნას“, – განაცხადა ლავროვმა.

უკრაინას ბირთვული იარაღის დიდი არსენალი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩა, თუმცა დათმო უსაფრთხოების გარანტიების მიღების სანაცვლოდ, მათ შორის, რუსეთისგან. თუმცა, რუსეთი უკრაინაში ჯერ 2014 წელს შეიჭრა, ცოტა ხნის წინ კი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.