ლავროვმა გაიმეორა „ოცნების“ მტკიცება, თითქოს დასავლეთში სურთ, რომ საქართველომ „მეორე ფრონტი“ გახსნას

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაიმეორა „ქართული ოცნების“ მტკიცება, რომ თითქოს დასავლეთში ცდილობენ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გაახსნევინონ. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლავროვმა თურქეთში „3+3“ ფორმატის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„საქართველოსთან დაკავშირებით ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პრობლემაა დასავლეთის კარგად ცნობილი მცდელობები, რომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნან. ვგულისხმობ, ცეცხლის გაღვივებასა და სიტუაციის დესტაბილიზაციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან და ურთიერთობების დაძაბვას ამ ორ სუვერენულ სახელმწიფოსთან.

ასე რომ, რისკების უმეტესობა, რომლებსაც აქ ვაკვირდებით, უკავშირდება დასავლეთის მცდელობებს, რომლებიც მიზნად ისახავს აქ მისი გავლენის შეძლებისდაგვარად გამყარებასა და, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ფედერაციისთვის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან თანაბარუფლებიანი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შესაძლებლობისთვის ძირის გამოთხრას“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი თბილისთან კონტაქტებს ინარჩუნებს. დიპლომატებს რიგ საკითხებზე საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან პირისპირ საუბრის შესაძლებლობა აქვთ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „3+3“ ფორმატში საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისისთვის კარი ყოველღვის ღია იქნება.

„როგორც კი თბილისში გადაწყვეტენ, მათ შეუძლიათ ნებისმიერ წუთას მოვიდნენ და თავიანთ სავარძელზე დასხდნენ, სავარძელი მათთვის ყოველთვის გამოყოფილია და კარიც მუდამ ღიაა“, – განაცხადა ლავროვმა.