დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხზე იმსჯელა. დაცვის მხარე წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლას, ბრალდების მხარე კი გრიგორიადისის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. მოსამართლე ზვიად შარაძემ გრიგორიადისი დატოვა წინასწარ პატიმრობაში.
დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით 4 ექსპერტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის თანამშრომლები გამოიკითხნენ, რომლებმაც საქმის ფარგლებში შეისწავლეს ლაზარე გრიგორიადისის და პოლიციელის ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები, ასევე მარტის აქციებზე დამწვარი ავტომობილის დაზიანებები.
ქიმიურ ექსპერტს, რომელსაც საკვლევად ჰქონდა პოლიციელის ტანსაცმელი, უნდა დაედგინა, იყო თუ არა ტანისამოსზე ნავთობპროდუქტების კვალი. ექსპერტმა მაკა ფიცხელაურმა, რომელიც დღეს პროცესზე მოწმის სახით იყო წარმოდგენილი, მოსამართლეს უთხრა, რომ ჩატარებული ექსპერტიზით პოლიციელის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტების კვალი აღმოჩნდა.
ლაზარე გრიგორიადისის მომდევნო პროცესი 22 სექტემბერს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.