ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის საქმეები ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ - პეტიცია

პუბლიკა

დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და მარტის აქციების საქმეზე კიდევ ერთმა ბრალდებულმა თორნიკე აკოფაშვილმა, „თავისუფლების ინსტიტუტთან“ ერთად დღეს პეტიცია წარადგინეს. ისინი მოითხოვენ ბრალდებული აქციის მონაწილეების სისხლის სამართლის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

„ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის დევნა პოლიტიკურად არის მოტივირებული და ამას ადასტურებს ლაზარეს წინააღმდეგ მიმდინარე ხელისუფლების უბინძურესი, შავრაზმული დემონიზების კამპანია, მისთვის მსჯავრის დადებამდე.

სისხლის სამართლის დევნა ასევე მიმდინარეობს თორნიკე აკოფაშვილის წინააღმდეგ, რომელიც ორი წელი ქართულ ჯარში მსახურობდა, ათი თვე უკრაინაში იბრძოდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი 8 მარტის აქციაზე დააკავეს.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეების ხელით მართულ სასამართლოს არ შესწევს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკურ ზეწოლას და მეტიც, ლაზარესა და თორნიკეს უსამართლო დევნაში მას საკვანძო როლი აქვს.

იმისთვის, რომ მართლმსაჯულების ხელით საქართველოს 21 წლის მოქალაქეების სამაგალითოდ დასჯა თავიდან ავიცილოთ, ლაზარესა და თორნიეკს საქმე უნდა განიხილონ არა სანქცირებული სასამართლო კლანის მიერ შერჩეულმა, დანიშნულმა და მართულმა მოსამართლეებმა, არამედ საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ“, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

ბრალდებულები და მათი ოჯახის წევრები მოითხოვენ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება გაფართოვდეს იმ ორ მუხლზე, რომლითაც ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკეს აკოფაშვილის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს:

„კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილითა და 187 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარე სისხლის სამართლის ყველა, მათ შორის, არსებითი განხილვის ეტაპზე მყოფ საქმეზე; ლაზარე კი ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებამდე გათავისუფლდეს გირაოთი“, – ნათქვამია პეტიციაში.