ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი 26 თებერვლისთვის გადაიდო

პუბლიკა

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი 26 თებერვლისთვის გადაიდო. ეს იქნება დასკვნითი სასამართლო პროცესი, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოადგენენ.

„დაცვის მხარემ თავისი ოთხი მოწმე მოხსნა, რაც ნიშნავს, რომ 26 თებერვალს დადგება განაჩენი მოცემულ პროცესზე.  ჩვენი მოლოდინია, რომ სათათბიროდ მაინც გავა [მოსამართლე]. საქმის განხილვა წარიმართა არაობიექტურად, არასამართლიანად, აქედან გამომდინარე განაჩენსაც არასამართლიანს, გამამტყუნებელს ველოდებით”, – ამბობს ლიკა ბითაძე, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი.

გრიგორიადისის ოჯახი მიიჩნევს, რომ ლაზარეს საქმის განხილვას სასამართლოში „განზრახ აჭიანურებენ”, რომ ლაზარე დიდხანს იყოს პატიმრობაში და „დაისაჯოს”.

ოჯახიც, ადვოკატების მსგავსად, გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება, რის შემდეგაც აპირებენ, რომ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართონ.

ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. ის მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული.