ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო

პუბლიკა

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო. გრიგორიადისი სხდომას არ ესწრებოდა – როგორც ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განაცხადა, მან თავისი სურვილით თქვა უარი სასამართლოში მისვლაზე და პროცესს დისტანციურად ჩაერთვებოდა, თუმცა მოსამართლე, ზვიად შარაძემ თქვა, რომ დისტანციურად ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავდა და სხდომა გადადო.

„ლაზარემ მე მითხრა, რომ იძაბება, როცა ხედავს ბევრ ხალხს და თავისი აზრის დაფიქსირება რომ უნდა, გონება ეფანტება და მე მგონი, ჰქონდა უფლება, რომ ჩართულიყო ონლაინ”, – განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის დედამ.

ადვოკატმა თქვა, რომ მოსამართლემ ყოველგვარი „არგუმენტის გარეშე” გადაწყვიტა პროცესის გადადება. მან აღნიშნა, რომ ლაზარე გრიგორიადისს ჰქონდა უფლება დისტანციურად ჩართვის და არსად არ წერია, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული მიზეზი, მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათა ბრალდებულმა ონლაინ ჩართვა მოითხოვოს.

„სასამართლომ განმარტა, რომ შემდეგ პროცესზე თუ არ გამოცხადდება, მისი საბოლოო სიტყვის გარეშე გამოვიტან განაჩენსო. თუ სასამართლო ამ უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებს და მის გარეშე გამოიტანს განაჩენს, დაცვის მხარეს აუცილებლად ექნება რეაგირება. [გავასაჩივრებთ] აუცილებლად ყველგან”, – განაცხადა ადვოკატმა.

დასკვნითი სხდომა 8 აპრილს 15:00 საათზე გაიმართება.

დასკვნითი სხდომა 26 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, მოსამართლის შვებულებაში ყოფნის საბაბით გადაიდო. გრიგორიადისის ოჯახი მიიჩნევს, რომ ლაზარეს საქმის განხილვას სასამართლოში „განზრახ აჭიანურებდნენ”, რათა ის დიდხანს იყოს პატიმრობაში და „დაისაჯოს”.

ოჯახიც, ადვოკატების მსგავსად, გამამტყუნებელ განაჩენს ელის – მათ არაერთხელ განაცხადეს, რომ ამ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავენ.

ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. ის მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული.