„ადამიანის უფლებათა ცენტრი” ლაზარე გრიგორიადისის გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.
ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ლაზარე გრიგორიადისი საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა და პატიმრობიდან გათავისუფლდა, გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრება აუცილებელია, რათა სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება გადაიხედოს და მსჯავრდებულმა იდავოს როგორც ეროვნულ დონეზე, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თუ სააპელაციო და უზენაესი სასამართლოები ობიექტურ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და არ გააუქმებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენს.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლები ლაზარე გრიგორიადისის და მისი ოჯახის წევრებს დღეს, 7 მაისს შეხვდნენ.
მათი საუბარი შეეხო როგორც სისხლის სამართლის საქმეზე საერთო სასამართლოების ზედა ინსტანციებში განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობას, ასევე, ლაზარე გრიგორიადისის სამოქალაქო სარჩელს „ქართული ოცნების“ ლიდერების, ყოფილი და ახლანდელი პრემიერ-მინისტრების, ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, რომელთა საჯარო განცხადებებმა შელახეს ლაზარე გრიგორიადისის ღირსება.
ამ სარჩელის მიღებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენჯერმე უარი თქვა, რის გამოც ადამიანის უფლებათა ცენტრი გეგმავს, მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი – 9-წლიანი პატიმრობა სასამართლომ 12 აპრილს გამოაცხადა. იმავე დღეს პრეზიდენტმა თქვა, რომ მას შეიწყალებდა. შეწყალების აქტზე ხელმოწერა სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ 24 აპრილს შეძლო – მანამდე სასამართლო მას განაჩენს არ უგზავნიდა.
ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავეს. ის მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და პოლიციის მანქანის დაწვაში იყო ბრალდებული.
მას 2023 წლის 25 სექტემბერს 1.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს მამის დაჭრის საქმეზე, რომლის განხილვა სასამართლომ დაწყებიდან 2 წლის შემდეგ განაახლა.
მარტის აქციების საქმეზე ლაზარეს დაკავებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ, რომელშიც მან მარტის აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს „სატანისტები“ უწოდა. მოგვიანებით, მან ლაზარეს მიმართ გამოიყენა სიტყვა „ბინძური“ და განაცხადა, რომ მას „ვერავინ ვერ გამოიყვანს ციხიდან“.
ხელისუფლების ლიდერებმა ლაზარეს არაერთხელ უწოდეს „ორიენტაციაარეული“. ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ მას „ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული“.
ლაზარე გრიგორიადისიზე თავდასხმას დღემდე აგრძელებენ მმართველი პარტიის წევრები.
ღარიბაშვილსა და კობახიძეს ამ განცხადებებისთვის ლაზარემ თავის მხრივ, თავადაც უჩივლა. ის მორალური ზიანის ანაზღაურებას და ბოდიშის მოხდას ითხოვდა. მორალური ზიანი სიმბოლურად, 15-15 ლარის ოდენობით იყო შეფასებული. სარჩელი ლაზარეს ადვოკატებმა 3-ჯერ შეიტანეს. სასამართლომ სამივეჯერ დაახარვეზა.