ლაზარე გრიგორიადისის მიმართ სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებზე სასამართლოს მიმართავენ

პუბლიკა

მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები პრემიერი ღარიბაშვილისა და „ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით მიმართავენ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“, რომელიც ლაზარე გრიგორიადისის ინტერესებს წარმოადგენს, სარჩელით მოითხოვს გრიგორიადისის შესახებ საჯაროდ გავრცელებული პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადების გავრცელების გამო, დაეკისროს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მორალური ზიანის ანაზღაურება, თითოეულს 15 ლარის ოდენობით. მოსარჩელე, ასევე, მოითხოვს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საჯაროდ მოიხადონ ბოდიში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განმარტებით, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ლაზარე გრიგორიადისის დაკავების ინფორმაცია გაავრცელა, სოციალურ ქსელში, სხვადასხვა გვერდებზე, გავრცელდა მისი ფოტოსურათი და ინფორმაცია, რომ ლაზარე გრიგორიადისი მამაზე ძალადობის ბრალდებით იყო ნასამართლევი და სწორედ მან ესროლა პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილი“. ამ ინფორმაციას თან ერთოდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ლაზარე გრიგორიადისის პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები.

„ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის საჯარო განცხადებების და კომენტარების გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ ისინი მიზნად ისახავდნენ ლაზარე გრიგორიადისის შესახებ ფართო საზოგადოებაში ნეგატიური განწყობების შექმნას და ბრალდებულის პატივისა და ღირსების შელახვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

სარჩელი ეფუძნება ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის სიძულვილის ენის განცხადებებს, სადაც ისინი ლაზარე გრიგორიადისს მოიხსენიებენ როგორც „ორიენტაციაარეულსა“ და „გზას აცდენილს“. გრიგორიადისის დაკავებამდე პრემიერმა აქციებში მონაწილე ახალგაზრდების ნაწილს „სატანისტები“ უწოდა.