დღეს 7-9 მარტის აქციების მონაწილის, დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარასაჭერად აქცია გაიმართა. მოქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან 20:00 საათიდან შეიკრიბნენ და ხელისუფლებისგან გრიგორიადისის გათავისუფლება მოითხოვეს.
აქციაზე სოლიდარობის ნიშნად მივიდა საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც.
აქციაზე იმყოფებოდა ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისიც. მისი თქმით, ფიქრობს, რომ ლაზარე თავისი გარეგნობის გამო დააკავეს და მოითხოვს მის გათავისუფლებას.
„ჩემი შვილი არცერთ პარტიაში არ იყო. როცა ნახავდა ტელევიზიით, რომ რობოკოპები ემზადებოდნენ ხალხის დასარბევად, იცვამდა და მორბოდაა, ხალხს უდგებოდა გვერდით. იქ არ იყო მისული ვიღაცის დაძახებით, ნახა, რომ დარბევის ვარიანტი იყო, გამოვარდა სახლიდან და დადგა რუსთაველზე“, – თქვა ბექა გრიგორიადისმა.
დაკავებული ლაზარეს მხარდასაჭერად გაიმართა აქცია 31 მარტსაც პარლამენტის წინ, მას შემდეგ რაც სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ლაზარე გრიგორიადისს ბოლო დღეებია სოლიდარობას უცხადებენ საზოგადოებრივი ჯგუფები, ორგანიზაციები, პარტიები და მოქალაქეები, მათ შორის, პიანისტი გიორგი გიგაშვილი, „თამადა“ და სხვ.
სამოქალაქო აქტივისტის სალომე ბარკერის თქმით, მოქალაქეებმა ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის დასახმარებლად რამდენიმე საათში 20 000 ლარამდე შეაგროვეს. ბარკერი წერს, რომ ამ ფულით ოჯახი ადვოკატების ანაზღაურებასა და სხვა ხარჯებს დაფარავს.
ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.
გადაწყვეტილებამ დამსწრე საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. სასამართლომ ფოიეში დაძაბული ვითარება, ხმაური და შეძახილები – „მონებო“ იყო.
დაცვის მხარე მოითხოვდა, მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 000 ლარის ოდენობით. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.
„ამჯერად, მე მინდა, რომ დუმილის უფლება გამოვიყენო. გავიარო ადვოკატებთან, თავიდან მივცე ჩვენება და…”, – პროცესზე ბრალთან დაკავშირებით ლაზარე გრიგორიადისიმ განაცხადა მხოლოდ ეს.
პროკურატურის პოზიციით, მან აქციებზე – „არა რუსულ კანონს” სამართალდამცავების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ის ავტომანქანას. მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.