ლაზარე გრიგორიადისი მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, – გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ნაჭყებიამ გამოაცხადა.
საუბარია 2021 წლის საქმეზე, სადაც ლაზარე გირიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდნენ.
გრიგორიადისი ასევე დამნაშავედ ცნეს მამის კუთვნილი მანქანის დაზიანებაში, მას მოსამართლემ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა მძიმე სასჯელმა აღნიშნული სასჯელი შთანთქა.
ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. ის მარტის აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმისა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული. ლაზარე გრიგორიადისს ამ საქმეზე წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას ეს 9-თვიანი ვადა ეწურება. გრიგორიადისის ადვოკატი მოსამართლე ნინო ნაჭყებიას დღევანდელ გადაწყვეტილებას სწორედ ამ ვადის ამოწურვას უკავშირებს.