ლაზარეს საქმეში დარღვევა ვერ დავინახეთ — სახალხო დამცველი

პუბლიკა

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო საქმეში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ვერანაირი დარღვევა ვერ დაინახა – ამის შესახებ ლევან იოსელიანმა „ტვ პირველზე“ გადაცემა „პოლიტიკის ამბებში“ განაცხადა.

ომბუდსმენის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისის საქმეში თავის გადაპარსვის ეპიზოდზე მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და დღემდე ამონიტორინგებენ მიმდინარე პროცესს, თუმცა თავად საქმესა და პროცესში, რომელსაც, ლევან იოსელიანის განცხადებით რეგულარულად ესწრებიან დარღვევა არ ყოფილა

„ლაზარეს შემთხვევაში, მინდა იცოდეთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ პროცესში ყველა ინფორმაციაზე გვქონოდა წვდომა. პირველივე საათიდან ვიყავით ჩართული. მე თავად მოვინახულე ლაზარე საპყრობილეში. არ ყოფილა პროცესი, გარემოება, სადაც ჩვენი ჩართვა იყო საჭირო და ამაში არ მიგვეღო მონაწილეობა. თავის გადაპარსვის ეპიზოდზე მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და დღემდე ვამორიტორინგებთ ამ გამოძიების პროცესს, რომელიც იქ მიმდინარეობს. რაც შეეხება უშუალოდ საქმეს, საპროცესო დარღვევებთან მიმართებით, ჩვენმა აპარატმა დღემდე ვერანაირი დარღვევა ვერ დაინახა. ამას ვამბობ სრულიად გააზრებულად და ვამბობ იმიტომ, ამის უკან დგას ჩემი უამრავი თანამშრომლის, პროფესიონალი ადამიანის ცოდნა და ეს ასე არის. თავად საქმეში, რომელიც ჩვენ გვაქვს და პროცესში, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს, რომელსაც ჩვენ რეგულარულად ვესწრებით დარღვევა ვერ დავინახეთ. სხდომებს რეგულარულად ვესწრებით და ასეთი დარღვევა, რომელზეც ჩვენ გვექნებოდა ლეგიტიმური საფუძველი, რომ მოგვეხდინა რეაგირება, როგორც პროცედურული, ასევე შინაარსობრივი არ ყოფილა”, – ამბობს იოსელიანი.


ლაზარე გრიგორიადისის საქმის დასკვნითი სხდომა 8 აპრილს 15:00 საათზე გაიმართება.

დასკვნითი სხდომა 26 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, მოსამართლის შვებულებაში ყოფნის საბაბით გადაიდო. გრიგორიადისის ოჯახი მიიჩნევს, რომ ლაზარეს საქმის განხილვას სასამართლოში „განზრახ აჭიანურებდნენ”, რათა ის დიდხანს იყოს პატიმრობაში და „დაისაჯოს”.

ოჯახიც, ადვოკატების მსგავსად, გამამტყუნებელ განაჩენს ელის – მათ არაერთხელ განაცხადეს, რომ ამ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავენ.

ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. ის მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული.