ლაზარეს საქმის განხილვა დასრულდა, მოსამართლე განაჩენს „გონივრულ ვადაში" გამოაცხადებს

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიდისის საქმის განხილვა დასრულდა.

მოსამართლე ზვიად შარაძე სათათბიროდ გავიდა. მისი თქმით, განაჩენს „გონივრულ ვადაში” გამოაცხადებს.

2023 წლის 7-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმის დასკვნითი სასამართლო სხდომა დღეს, 8 აპრილს გაიმართა. ბრალდების და დაცვის მხარეებმა დასკვნითი სიტყვები თქვეს.

სიტყვით გამოვიდა თავად ლაზარეც.

მან თქვა:

“პოლიციელების ჩვენებას მინდა გამოვეხმაურო, აგრესიულ მოქმედებებში გადავიდა საზოგადოებაო, საზოგადოება არ გადასულა პირველად აგრესიულ მდგომარეობაში, აგრესიული კერები წარმოიშვა მას შემდეგ, რაც პოლიციამ გამოხატვის თავისუფლების დარღვევა წიწაკის სპრეით დაიწყო. ამის შემდეგ მოხდა ქვის სროლა და ა.შ.

ნავთობპროდუქტები, რომელიც ჩემ ქურთუკზე აღმოჩნდა – წესით, ნავთობპროდუქტში ზეთიც შედის, ბევრი რაღაც შედის, მაინც და მაინც რომ “მოლოტოვის კოქტეილისგან” აღმოჩენილიყო ჩემ ქურთუკზე კვალი, გამორიცხულია.

აქციაზე დაბინძურებული გარემო თუ იყო, წყლის ჭავლი იყო გაშვებული და თითოეულ ჩვენგანს შეიძლებოდა ნავთობპროდუქტი გვქონოდა.

ტელეფონის წართმევასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ წამართვეს ხელიდან, არ ვიცოდი ოქმზე ხელის მოწერა თუ იმას ნიშნავდა, რომ მშვიდობიანი დაკავება იყო.

მგონია, რომ ეს ოთხივე პოლიციელი პოლიტიზებულია, ისეთ რაღაცებს ჰყვებიან, შეუძლებელია. ერთმანეთს ცდებიან ჩვენებებში.

დაკითხვაზე ზეწოლა იყო, ადვოკატის ყოლის უფლება არ მომცეს, ტელეფონიც წამართვეს”.

ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის  29 მარტს დააკავეს. ის რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული.

ის ბრალს არ აღიარებს.

სასამართლო სხდომებზე, რომელიც 1 წელია, გრძელდება, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ლაზარე გრიგორიადისის დანაშაულის მტკიცებულებები.

ლაზარე გრიგორიადისის დედა და ბაბუა ამბობენ, რომ გამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ, გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ კი აპირებენ, შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართონ.