2023 წლის მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი, რომელიც 26 თებერვალს იყო დანიშნული, გადაიდო – ინფორმაცია გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ გაავრცელა. ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია, როდის დაინიშნება შემდეგი სასამართლო პროცესი, სადაც მხარეებმა დასკვნითი სიტყვა უნდა წარადგინონ.
„რამდენიმე წუთის წინ დაგვირეკა ადვოკატმა, ლაზარეს სასამართლო პროცესი გადაიდო, მოსამართლე შვებულებაშია…“, – აცხადებს თამთა კალანდაძე.
15 იანვარს გრიგორიადისის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განაცხადა, რომ დაცვის მხარემ თავისი ოთხი მოწმე მოხსნა, რაც ნიშნავს, რომ 26 თებერვალს დადგება განაჩენი.
„ჩვენი მოლოდინია, რომ სათათბიროდ მაინც გავა [მოსამართლე]. საქმის განხილვა წარიმართა არაობიექტურად, არასამართლიანად, აქედან გამომდინარე განაჩენსაც არასამართლიანს, გამამტყუნებელს ველოდებით”, – აცხადებდა ლიკა ბითაძე, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი.
გრიგორიადისის ოჯახი მიიჩნევს, რომ ლაზარეს საქმის განხილვას სასამართლოში „განზრახ აჭიანურებენ”, რომ ლაზარე დიდხანს იყოს პატიმრობაში და „დაისაჯოს”.
ოჯახიც, ადვოკატების მსგავსად, გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება, რის შემდეგაც აპირებენ, რომ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართონ.
ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. ის მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული.