„ლაზარეს თავისუფლებისთვის“ | პარლამენტთან აქცია-კონცერტი იმართება

პუბლიკა

მარტის აქციების დროს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლაში ბრალდებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად პარლამენტის შენობასთან აქცია იმართება. აქციაზე სიტყვით გამომსვლელები არ არიან და სცენაზე სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფი გამოდის.

აქცია პარტია „ევროპული საქართველოსა“ და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ არის ორგანიზებული.

„რუსულ კანონზე უკანდახევის შემდეგ, რეჟიმმა კიდევ ერთი დარტყმა მიიღო – ქართული სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირები შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ არიან.

გვჯერა, რომ მოქალაქეების თანადგომას შეუძლია ლაზარე სანქცირებული სასამართლოს შერჩევითი სამართლისგან იხსნას და საერთო ეროვნულ წარმატებას მსხვერპლად არ შეეწიროს, “- ნათქვამია ორგანიზატორების გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლაზარე გრიგორიადისს სოლიდარობას უცხადებენ ქართველი მუსიკოსები, მსახიობები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. აქციაზე სიმღერებს შეასრულებენ: STEPHANE, აჩიკო გულედანი, ჯგუფი „დაგდაგანი“, ჯგუფი „წერილი“, LOUDSPEAKERS, გამოუვალი მდგომარეობა, შაბათ-კვირა.

ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია თავდაპირველად მთავრობის ადმინისტრაციასთან უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, ხელისუფლებამ კანცელარიის შემოღობვა დაიწყო. მათი განცხადებით, ტერიტორიაზე სკვერის მოწყობას გეგმავენ, თუმცა „ევროპული საქართველოს წევრის“, ბესო დონაძის თქმით, ტენდერი გამოცხადებული არ არის.

„მოგვიწია აქციის პარლამენტის წინ გადმოტანა “- თქვა დონაძემ. მისივე თქმით, ლაზარე გრიგორიადისის დაცვა დღეს ძალიან პრინციპულია, რადგან ის მხოლოდ განხვავებულობის გამო დაიჭირეს.