ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ბოლოდროინდელ ცვლილებებს განმარტავს.
ცვლილებები პირობითად შეიძლება დაიყოს სამ ნაწილად: ახალი სამართალდარღვევები, გაზრდილი სანქციები, დაკავების ახალი საფუძვლები.
ახალი სამართალდარღვევები
სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა – იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.
ლაზერი – შეკრების მონაწილეებს ასევე აეკრძალებათ თან იქონიონ ლაზერული ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას, ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას – აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისთვის სანქცია, ასევე, 2000 ლარი იქნება.
შსს-ს ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის ტარება – კოდექსში ჩნდება ახალი სამართალდარღვევა – შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის უკანონოდ ტარება ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლისთვის ანდა ატრიბუტიკისთვის მიმსგავსებული ტანსაცმლის/ატრიბუტიკის ტარება იმ პირის მიერ, რომელიც არ არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, რასაც შესაბამისი გარემოების გათვალისწინებით შეცდომაში შეჰყავს ობიექტური დამკვირვებელი – სანქციად გათვალისწინებულია 2 000 ლარი, საგნის კონფისკაციით.
გაზრდილი სანქციები
მნიშვნელოვნად არის გაზრდილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-11 და 111 მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევასთან დაკავშირებული სანქციები.
აღნიშნული ნორმები უკავშირდება აკრძალულ ადგილებში აქციების და მანიფესტაციების ჩატარებას, აკრძალული მოწოდებების გაკეთებას, აკრძალული ნივთების ქონას და მონაწილეთა მცირე რაოდენობის მიუხედავად გზის გადაკეტვას.
▶ ძველი რედაქცია ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ახალ რედაქციაში ჯარიმების ოდენობა, შესაბამისად, არის 5000 ლარი და 15000 ლარი.
▶ ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული
125-ე მუხლის 61 ნაწილი აქამდე ითვალისწინებდა ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ახალი მოწესრიგებით, ასევე გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას (კუმულაციურად).
▶ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯება
150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებისთვის (სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება) ჯარიმის ოდენობა იზრდება და 1000 ლარი ხდება, 50 ლარის ნაცვლად.
▶ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა (150-ე მუხლის მე-2 ნაწილი) 500-ის ნაცვლად 2000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
▶ მსგავსად არის გაზრდილი ჯარიმების ოდენობა აღნიშნული მუხლის სხვა ნაწილებისთვის:
– სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა. აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1 000 ლარისა, ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
– ტერიტორიის იერსახის დამახინჯება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1 000 ლარისა. განმეორებით იგივე ქმედების ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარისა.
– ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა.
▶ მსგავსად იზრდება სანქციები 1502 მუხლის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება) შემთხვევაშიც:
– ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 200 ლარისა. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით, ნაცვლად 1 000 ლარისა.
– ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1 000 ლარისა. ამ ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარისა.
– ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1 000 ლარისა. განმეორებით იგივეს ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 2 000 ლარისა.
ვანდალიზმი
გაზრდილია ჯარიმების ოდენობა ვანდალიზმის მუხლის (1662 მუხლი) პირველი და მეორე ნაწილებისთვის, შესაბამისად, 300 ლარის ნაცლად 1000 ლარი და 500 ლარის ნაცლად 2000 ლარი.
დაკავების საფუძვლები
აღსანიშნავია, რომ, ასევე, იზრდება იმ საფუძველთა ჩამონათვალი, რომელთა გამოც დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა. კოდექსში უკვე არსებულ საფუძვლებს ემატება:
– სამართალდამრღვევის სასამართლოში დროულად წარდგენა;
– საქმის გაჭიანურების თავიდან აცილება;
– ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობისთვის თავის არიდების პრევენცია;
– ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენცია;