საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სოციალური დახმარების მეოთხე ტალღა იქნება, რომელიც ბაზრობებზე მომუშავე ხალხს შეეხება.
„მესმის, რომ მძიმეა ეს გადაწყვეტილება, მათ შორის, ბაზრობებისთვის. დავაანონსეთ დახმარების მეოთხე ტალღა და მიდის ამის იმპლემენტაცია. მათ შორის, იმ ადამიანებისთვისაც, ვინც დროებით დაკარგავს სამსახურს. ლეგალურ სექტორში იქნება 1200-ლარიანი დახმარება, ხოლო თვითდასაქმებულებისთვის, ერთჯერადად, – 300-ლარიანი დახმარება. ეს არ არის ბევრი, მაგრამ ეს არის ის მინიმუმი, რაც მოგვცემს საშუალებას, ადამიანების ჯანმრთელობა დავიცვათ და ცოტა ხნით არ მოუწიოთ ბაზრობებზე მუშაობა,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები აღარ შემსუბუქდეს იმ მასშტაბით, რა მასშტაბიც გათვალისწინებული იყო მისი შემოღების დროს.