„ლეგიტიმურ პროტესტს სახელმწიფო სხვა მეთოდებთან ერთად წამებას და არაადამიანურ მოპყრობას უპირისპირებს" | საიას ანგარიში

პუბლიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოში მიმდინარე პროტესტის ერთ თვეს აჯამებს და აქვეყნებს ანგარიშს – „სამოქალაქო უფლებები მზარდი საპოლიციო ტერორის პირისპირ“.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ 28 ნოემბრიდან მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ჩასახშობად მიმართულმა მეთოდებმა სიმძიმის ახალ დონეს მიაღწია.

საიას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციები მშვიდობიანია, პროტესტს თვითნებურად და ძალადობრივად არბევდა საპოლიციო ძალა. ლეგიტიმურ პროტესტს სახელმწიფო სხვა რეპრესიულ და ძალადობრივ მეთოდებთან ერთად წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უპირისპირებს.

ორგანიზაციის განცხადებით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან საპოლიციო ძალების მიერ ძალადობის მასშტაბი და ორგანიზებულობა ამტკიცებს, რომ აშკარაა დანაშაულებრივი ოპერაცია სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ.

საიას შეფასებით, აღნიშნულ პერიოდში განვითარდა შემდეგი მოვლენები:

– წამება; არაადამიანური; დამამცირებელი მოპყრობა, დემონსტრანტების ფართო ჯგუფისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ; ნაცემია დაკავებულთა უმრავლესობა.

– აქტიური სპეციალური საშუალებების (წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი) გამოყენების წესების, არა მარტო, დარღვევა, არამედ მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ფორმით გამოყენება;

– არაფორმალური კრიმინალური დაჯგუფებების თავდასხმები დემონსტრანტებსა და მედიის წარმომადგენლებზე;

– მიზანმიმართული დევნა მედიის წარმომადგენლების მიმართ; რაც, რიგ შემთხვევებში, დაზიანებებით და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობით სრულდებოდა.

– უკანონო დაკავება ადმინისტრაციული წესით (თვითნებური დაკავება შეეხო 500-მდე პირს)

– მოქალაქეთა უკანონო ჩხრეკა საჯარო ადგილებში, ჩხრეკა/ამოღების ოპერაცია ბინებსა/ოფისებში;

– სისხლის სამართლის მექანიზმების დემონსტრანტების მიმართ გამოყენება (დაკავებულია 40-მდე პირი);

– მუქარა საჯარო მოხელეების მიმართ – გარდა ფიზიკური ძალადობისა, ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება საჯარო მოხელეებში მათი გათავისუფლების პირდაპირი თუ ირიბი მუქარით და თანამდებობის დატოვებისკენ მოწოდებით.

– კანონმდებლობის შეიარაღება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, კერძოდ, შევიდა ცვლილებები შემდეგ კანონებში: საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ; კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ; პოლიციის შესახებ კანონი; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.

– გამოწვევად რჩება, როგორც მიმდინარე აქციებზე, ისე, 2024 წლის აპრილი-მაისის და 2023 წლის მარტის აქციებზე ძალადობის გამოძიების არაეფექტიანობა.

საია ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენებას, როგორც წესი, წინ უძღოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცრუ განცხადება იმის თაობაზე, რომ აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მოთხოვნებს და გახდა სრულად ძალადობრივი.

ორგანიზაციის თქმით, იმ ფაქტს, რომ ეს განცხადება არის ცრუ, ასევე, ადასტურებს, ეუთოს შეფასებაც, რომლის თანახმადაც, „[…] მომიტინგეების აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობიანი იყო“.

„აბსოლუტურად ყველა შემთხვევა გასული 1 თვის განმავლობაში, როდესაც საპოლიციო რაზმებმა დაიწყეს სრული მასშტაბით აქციის დაშლა, იყო უკანონო. კონკრეტულად:

2024 წლის 28-29 ნოემბრის ღამე;

2024 წლის 29-30 ნოემბრის ღამე;

2024 წლის 30 ნოემბრის-1 დეკემბრის ღამე;

2024 წლის 1-2 დეკემბრის ღამე;

2024 წლის 2-3 დეკემბრის ღამე;

2024 წლის 3-4 დეკემბრის ღამე;

2024 წლის 6-7 დეკემბრის ღამე.

ასევე, 28 ნოემბრამდე, 2024 წლის 26 ოქტომბრის შემდგომ, პერიოდულად, სხვადასხვა ადგილზე იმართებოდა საპროტესტო აქციები არჩევნებზე გამოვლენილი მნიშვნელოვანი და სისტემური დარღვევების, მათ შორის, ხმის ფარულობის უფლების დარღვევის გასაპროტესტებლად და ახალი არჩევნების მოთხოვნით. ამ მშვიდობიანი შეკრების წინააღმდეგ სახელმწიფომ ძალადობრივი მეთოდები გამოიყენა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აქციების დარბევისთვის გამოყენებული საშუალებები არა მარტო არაპროპორციულია, არამედ, თავისი შინაარსით, უტოლდება ორგანიზებულ დანაშაულს.

ანგარიში ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის გამოყენების ტენდენციებს გვთავაზობს. კერძოდ, საია აღნიშნავს, რომ:

  • პოლიციელებმა გამოიყენეს გადამეტებული ძალა არა მხოლოდ ცალკეული პირების მიმართ, არამედ შეკრებების ყველა მონაწილის წინააღმდეგ, მიუხედავად მათი მშვიდობიანი ხასიათისა.
  • პოლიცია ძალადობრივად ექცეოდა დემონსტრანტებს, რომლებიც წინააღმდეგობის ნიშნებს არ ავლენდნენ, მათ შორის, მუშტებით, ფეხებით და რეზინის ხელკეტებით ურტყამდნენ მიწაზე დაგდებულს.
  • არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დეტალური ჩვენებების მიხედვით, პოლიციელები განაგრძობდნენ დაკავებულების მიმართ სასტიკ მოპყრობას სატრანსპორტო ფურგონებში. დემონსტრანტებს სცემდნენ, მათ შორის, სახის, თავის, ნეკნების არეში, ხოლო ე.წ. ზედამხედველი ოფიცრები, გავრცელებული ცნობით, აძლევდნენ მითითებებს დაქვემდებარებულებს, სად და რამდენ ხანს უნდა გაეგრძელებინათ ცემა.
  • დაკავებებსა და შემდგომ ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პოლიციელები არ ატარებდნენ მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს, როგორიცაა სამკერდე ნომრები ან სახელის და გვარის აღმნიშვნელი. ამან შეუქმნა დაუსჯელობის განცდა იმ პოლიციელებს, რომლებიც არასათანადო მოპყრობას ახორციელებდნენ.
  • უცნობი პირები, რომლებიც დაუნდობლად ესხმოდნენ თავს ჟურნალისტებს, პროტესტის მონაწილეებს და სხვა პირებს, მოქმედებდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების პირდაპირი ან მდუმარე თანხმობით. სატელევიზიო კადრები ნათლად აჩვენებს კოორდინაციას ამ დაუდგენელ პირებსა და პოლიციას შორის, ასევე, სამართალდამცავების უმოქმედობას, როდესაც ეს პირები ძალადობრივ თავდასხმებს ახორციელებდნენ.

ანგარიშში ასევე საუბარია სპეცრაზმის მიერ გამოყენებულ ცრემლმდენ გაზსა და წყლის ჭავლზე და ნათქვამია, რომ ისინი გამოყენებული იყო „უსაფუძვლოდ, ერთმანეთის პარალელურად და ამ საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენების წესების უგულებელყოფით“.

„ცრემლმდენი გაზის, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის, როგორც ცალ-ცალკე, ასევე კომბინაციაში გამოყენება, იყო უკანონო და არაპროპორციული, განსაკუთრებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ

გარდა სპეციალური საშუალებებისა, 2024 წლის 28 ნოემბრიდან სპეციალური დანიშნულების რაზმებმა მიმართეს ალყაში მოქცევის ტაქტიკას, როდესაც ისინი რამდენიმე მხრიდან იწყებდნენ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენებას, ძალადობას და დაკავებებს.

იმის გათვალისწინებით, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმები უკვე იყენებდნენ სხვა სპეციალურ საშუალებებს დისპროპორციულად, მსგავსი ტაქტიკა არღვევს არა მარტო შეკრების თავისუფლებას, არამედ არის დემონსტრანტების ფსიქოლოგიური ტერორის იარაღი“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშში საუბარია მედიის წარმომადგენელთა მიმართ ძალის გამოყენებაზეც და აღნიშნულია, რომ მისი მიზანი მედიის ფუნქციონირების ხელშეშლა, მათ შორის, მათ მიერ დანაშაულების ამსახველი ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალის გავრცელების შეზღუდვაა.

„პროტესტის დაწყების დღიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის, აპარატურის დაზიანების, დისპროპორციული ძალის გამოყენებისა და ძალადობის 91 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მიმართულია კრიტიკული მასმედიისა და ციფრული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ.

ჟურნალისტების საქმიანობაში მიზანმიმართული ხელშეშლის შემთხვევები, მათ შორის, მათ მიმართ წყლის ჭავლის გამოყენება და კამერების განზრახ დამტვრევა, ასევე, ფიზიკური ძალადობა და დაკავება აქციების თანმდევია, რაც მიუთითებს საპოლიციო ძალების ინტერესზე, არ გაშუქდეს შეკრებების ძალადობრივი დარბევა და სხვა დარღვევები“, – წერს საია.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია „არაფორმალური კრიმინალური დაჯგუფებების ჩართულობაზე“ პროტესტის წინააღმდეგ და ნათქვამია, რომ მზარდია ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებზე თავდასხმის ფაქტები.

საია ამბობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არაფორმალურ კრიმინალურ დაჯგუფებებთან ალიანსში მოქმედებენ და „ეს არის ტაქტიკა, რომელშიც მონაწილეობენ სახელმწიფოს ოფიციალური ინსტიტუტებისა და მაღალი თანამდებობის პირების მიერ წახალისებული არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებები“.

„ამ უკანასკნელთა მიზანია საპროტესტო მოძრაობების მხარდამჭერებსა თუ ჟურნალისტებზე ძალადობა და მათი დაშინება. მეტიც, ასეთი ფაქტების სიმრავლე და პოლიციის სრული უმოქმედობა მიუთითებს, რომ დანაშაულის პრევენციაზე, აღკვეთასა და რეაგირებაზე უფლებამოსილი პირების მხრიდან არსებობს წინასწარი თანხმობა სადამსჯელო დაჯგუფებების მიერ დანაშაულის ჩადენაზე.

სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის კარგად არის ცნობილი, ვინ არიან სადამსჯელო დაჯგუფების წევრები. ეს ცხადად იკითხება ღია წყაროებით გავრცელებულ მასალებში, ზოგჯერ კი თავდამსხმელთა სახეებიც ჩანს. თუმცა, მაშინაც, როცა საპატრულო ეკიპაჟს შეეძლო, რეალურ დროში აღეკვეთა ძალადობა, ან მასზე რეაგირება მოეხდინა, საჯარო კადრები მათ სრულ ინდიფერენტულობასა და უმოქმედობაზე მიუთითებს.

ეს ყოველივე, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ადასტურებს, რომ არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებები სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მაღალი თანამდებობის პირების ხელშეწყობით, მათი თანხმობით მოქმედებენ აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების ტერორის მიზნით“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე საუბარია აქციებზე დაკავებულ დემონსტრანტებზეც და ნათქვამია, რომ მზარდია სისხლის სამართლის ინსტრუმენტების გამოყენება აქტივისტების მიმართ. ამის ერთ-ერთი მიზანი კი განსხვავებული აზრის ჩახშობაა.

დემონსტრანტების ბრალდების საქმეებთან დაკავშირებით სასამართლოში სამართალწარმოებისას გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები:

  • აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება ბრალდებულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინების გარეშე.
  • არასათანადო მოპყრობის შემთხვევები.
  • „დასაბუთებული ვარაუდის“ სტანდარტის არარსებობა.
  • პროცესის ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური გამოწვევები და სხვა.

გარდა ამისა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საგანგაშოა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამ დრომდე არ მომხდარა არც რუსული კანონის პროტესტის და არც 28 ნოემბრის შემდგომი საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა.

საია მიიჩნევს, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სისტემური უმოქმედობა დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით მიუთითებს სამსახურის თანამონაწილეობაზე ამ ძალადობაში.

ანგარიშს სრულად გაეცანით ბმულზე.