კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრიდან გამოსულმა „ლეიბორისტების“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია ტოვებს „მოლაპარაკების იმ ფორმას, სადაც პირველ საკითხად არ განიხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი და სადაც პირველ საკითხად არ წყდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება; სადაც უკანონოდ დაპატიმრებული ნიკა მელია არ ზის მოლაპარაკების მაგიდასთან“.
ნათელაშვილის თქმით, ის დაუბრუნდება მოლაპარაკებას მას შემდეგ, რაც ეს ორი საკითხი იქნება გადაწყვეტილი.
„ჩვენ როგორც კი დავიწყებთ საარჩევნო, სასამართლო რეფორმის საკითხებისა და სხვა პრობლემების განხილვას, პარლამენტში შესვლის მოთხოვნას წინასწარ, ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესი იშლება, ეს ნიშნავს იმას, რომ რუსი ოლიგარქი რჩება ქვეყნის ბატონ-პატრონად, ქვეყნის დამარბევლად და ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამ ვერ შეასრულა თავისი მისია ქართველი ხალხის წინაშე დღევანდელობისა და მომავლის წინაშე“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ მიშელსა და მის წარმომადგენელ დანიელსონს, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს.
„მათ გასწიეს დიდი მუშაობა ამ თვეების განმავლობაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლება, რომელიც იმართება კრემლიდან, რა თქმა უნდა, არ იჩენს ნებას, კონსტრუქციულობის, ახალი არჩევნებისა და დემოკრატიულობის მიმართულებით“, – თქვა მან.
ნათელაშვილის ინფორმაციით, მოლაპარაკებაზე პირველ საკითხებად შეთავაზებულია საარჩევნო და სასამართლო რეფორმის პრობლემა. „ლეიბორისტების“ ლიდერის თქმით, ეს საკითხები მხოლოდ ახალი არჩევნების რიცხვის ჩანიშვნის შემდეგ უნდა იყოს განხილული.
ნათელაშვილის განცხადებით, მათთვის მიუღებელია ბორელის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოში არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული.
„ეს განცხადება ძალიან ჰგავს ნარიშკინის განცხადებას, რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორისა, რომელიც ასევე აცხადებს, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და ოპოზიცია ტყუილად ედავება ჩვენს ოლიგარქს ტახტსა და ძალაუფლებას“, – თქვა მან.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ურჩია თუ არა მედიატორმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლა, ნათელაშვილი პასუხობს:
„სწორედ საკანონმდებლო ორგანოში შესვლით, სასამართლო და საარჩევნო რეფორმის განხორციელებით დაიწყო კვლავ ეს კონსულტაციები. მე წინა კონსულტაციებზე არაერთხელ ვთქვი, რომ ჯერ გავარკვიოთ ახალი არჩევნების თარიღი, მასთან დაკავშირებული მომენტები, მაგრამ ამის კატეგორიული წინააღმდეგია, რა თქმა უნდა, ხელისუფლება“, – განაცხადა ნათელაშვილმა.