ლელა კალიჩენკომ თამარ ლორთქიფანიძის საზოგადოებრივი ადვოკატის თვითაცილება დააკმაყოფილა

პუბლიკა

„სავალდებულო დაცვის აუცილებლობის გარემოებები არ არსებობს“, – განაცხადა მოსამართლე ლელა კალიჩენკომ აქციაზე დაკავებული თამარ ლორთქიფანიძის საზოგადოებრივი ადვოკატის ნინო მიქატაძის თვითაცილებაზე. მან ადვოკატის ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ:

„…როგორც მოვისმინეთ, თვითონ ქალბატონი თამარი თვლის, რომ მისი საუკეთესო ინტერესები იქნება ელგუჯა ავსაჯანიშვილის მიერ დაცვა. დღევანდელ სხდომაზე მას ჰყავს ადვოკატი, რომელიც მისი ნდობით გამოირჩევა. თავად ქალბატონი თამარიც ბრძანდება პროცესზე, ჰყავს ადვოკატი და დამატებით მას რომ ჰყავდეს ადვოკატი სავალდებულო წესით, ასეთ მოცემულობას აღარ ქმნის სხდომა.

…ამიტომ მივიჩნევთ, რომ გარემოებები, რომლებიც შეიძლება, სასამართლომ გამოიყენოს სავალდებულო დაცვასთან დაკავშირებით, დღევანდელი მოცემულობით არ არსებობს და შესაბამისად, შეიძლება, ადვოკატი ნინო მიქატაძე გათავისუფლდეს სასამართლო პროცესიდან, როგორც სავალდებულო წესით მოწვეული ადვოკატი”, – აღნიშნა მოსამართლემ.

ნინო მიქატაძემ თვითაცილება შემდეგი გარემოებების გამო მოითხოვა:

„ბატონო მოსამართლე, თვითაცილების შესახებ შუამდგომლობას გავაჟღერებ იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ჩემსა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შორის არის ინტერესთა კონფლიქტი. ვერ ვაჯერებთ პოზიციებს იმისთვის, რომ დაცვა სრულყოფილად განხორციელდეს… ჩემი კოლეგა არის წარმოდგენილი, რომელიც დაიცავს მის ინტერესებს. არსებობს ინტერესთა კონფლიქტი ჩემსა და ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს შორის… ვშუამდგომლობ სასამართლოს წინაშე, რომ ჩამომაცილოთ“, – განაცხადა საზოგადოებრივმა ადვოკატმა, ნინო მიქატაძემ.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლის აცილების საკითხიც დაისვა. ადვოკატის პოზიციის გაჟღერების შემდეგ მოსამართლემ ბრალდების მხარესაც მიმართა პოზიციის დასაფიქსირებლად, რის გამოც ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენა.

„…თვითაცილება არის განცხადება და არა შუამდგომლობა, კანონში გვაქვს განცხადების განხილვის წესი და შუამდგომლობის განხილვის წესი. მე არ მინახავს რომელიმე განცხადება, რომელთან დაკავშირებითაც საპროცესო ნორმა ამბობს, რომ მეორე მხარის პოზიცია მოისმინეთო… ვფიქრობ, აცილებული უნდა იყოთ, იმიტომ, რომ კვალიფიკაციის არქონა გამოვლინდა…“, – განაცხადა მან.

ლელა კალიჩენკომ მისი აცილების საკითხი არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ:

„რაც შეეხება დაცვის პოზიციას მოსამართლის კომპეტენტურობასთან დაკავშირებით, ჩემი კომპეტენტურობა და კვალიფიკაცია შემოწმდა, როცა მოხდა ჩემი განწესება. ამ საკითხს ასევე ნებისმიერ დროს სწავლობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ამ საკითხზე, ჩემს კომპეტენციასთან დაკავშირებით, ეს ორგანო რადგან უფლებამოსილია, შეისწავლოს, დაცვას შეუძლია, ეს მიმართულება გამოიყენოს.

რაც შეეხება ჩემს აცილებასთან დაკავშირებით დაყენებულ შუამდგომლობას, ეს გარემოებები, როცა სასამართლო ორივე მხარეს აძლევს უფლებამოსილებას აზრის გამოხატვისა, არ შეიძლება, მიჩნეული იყოს მოსამართლის არაკომპეტენტურობად, რადგან ნორმის კანონიერება სასამართლოს უფლებამოსილებაა, განვმარტავთ ამ ნორმებს, მხარეები პოზიციებს აფიქსირებენ და ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კალიჩენკომ.


თამარ ლორთქიფანიძე 22 ოქტომბერს აქციაზე პოლიციის მანქანაზე ავიდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულის ქმედებამ 3300 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.

 „გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 22 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ტაქსის მძღოლს სახის არეში დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაზიანება მიიღო.

ასევე ბრალდებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს, თავს დაესხა შსს საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, ავიდა მის სახურავზე და ფეხების დარტყმით განზრახ დააზიანა. ბრალდებულის ქმედებამ 3300 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია“, – აცხადებს პროკურატურა.