„ლელო“ 30-ივე მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატის დაყენებას აპირებს

პუბლიკა

„ლელოს” ეყოლება 30 მაჟორიტარი კანდიდატი, 30 საარჩევნო ოლქში, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის” წევრმა ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „მთავართან” განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა.

„ჩვენ აქტიურად ვემზადებით ამისთვის. გვყავს საკმარისზე მეტი კანდიდატი, იმისთვის, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის.

ცხადია, რომ მაჟორიტარები იქნებიან პარტიის ლიდერებიდან. შეთანხმებულიც ვართ უმეტესობა ოლქზე – ვინ სად იქნება. სანამ ბოლომდე არ დავასრულებთ ყველა ოლქში კანდიდატების შერჩევას, ცხადია, მანამდე ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერების თქმით, მსხვილ ოლქებში ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე შეჯერება და კოორდინაცია არის „გამარჯვების ბილეთი”.

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ივნისის ბოლოს ოპოზიციას უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია ექნება და ზოგიერთი პარტია მაჟორიტარობის საერთო კანდიდატების მიმართულებით ითანამშრომლებს, ნაწილი კი არჩევნების გაყალბების პრევენციის კუთხით.


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ე.წ. 8 მარტის შეთანხმების მიხედვით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის უნდა დაეფუძნოს 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა მომდევნო კვირაში გაიმართება.