„ლელო" აჭარაში „პატრიოტთა ალიანსის" ბანერს ხსნის

პუბლიკა

პარტია „ლელომ” აჭარაში „პატრიოტთა ალიანსის” ბანერს ხსნის, – ამის შესახებ პარტიის წევრმა, ბათუმის მუნიციპალიტეტში „ლელოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ facebook-ლაივის დროს განაცხადა.

კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მათ მიყვანილი ჰყავთ ამწე და ბანერის ჩამოხსნას ცდილობენ.

„ჩვენ ახლა ვართ „პატრიოტთა ალიანსის” ბანერთან. ბანერთან, რომელსაც მეპატრონესთან თანხმობით ვხსნით. აჭარაში არასდროს არ დავუშვებთ იმას, რომ „პატრიოტთა ალიანსმა” მოღალატეობრივი და სრულიად უბადრუკი მცდელობებით შეძლოს აჭარის მოსახლეობის შეურაცხყოფა. ჩვენ მოსახლეობას მივმართავთ, რომ არასდროს არ დაუშვათ და თქვენივე ხელით მოხსენით ის ნებისმიერი ბანერი, რომელიც იქნება გაშვებული ამ სივრცეებში”, – აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

„დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო” – წერია აჭარაში პარტიის საარჩევნო ბანერზე.


„შმატრიოტები” – ასე გამოეხმაურა საკითხს facebook-ზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

საკითხს ასევე facebook-ზე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. „ეს არის რუსული დაკვეთა საქართველოს წინააღმდეგ!”, – წერს მდინარაძე.


„სამართლიანი არჩევნების” (Isfed) იურისტის ნინო რიჟამაძის შეფასებით, ბათუმი-სარფის გზაზე „პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ბანერი შუღლის გაღვივების ნიშნებს შეიცავს და პროვოკაციას ჰგავს.
მისივე თქმით, ორგანიზაცია აპირეს, როცა პროცედურულად ამის შესაძლებლობა იქნება, მიმართოს ცესკოს ბილბორდის უკანონობასთან დაკავშირებით.