„ლელო“ აცხადებს, რომ მედიკამენტების პროგრამის დაფინანსებას 500%-ით გაზრდიან

პუბლიკა

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მედიკამენტების პროგრამის დაფინანსებას 500%-ით გაზრდის, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა და საზოგადოებას „ლელო  საქართველოსთვის“ ჯანდაცვის პოლიტიკის ხედვა წარუდგინა.

„ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომლის მხოლოდ რამდენიმე მიზანს გაგაცნობთ ამჯერად. ჩვენ გავზრდით მედიკამენტების პროგრამის დაფინანსებას 500%-ით, რათა მოსახლეობას მიეწოდოს გაიაფებული და ხარისხიანი მედიკამენტები.  ჩვენი მიზანია, ვებრძოლოთ დაავადებებს  არა იმ ეტაპზე, როდესაც ვეღარ ხდება განკურნება, არამედ პრევენციაში ჩავდოთ ის ინვესტიცია, რომ თავიდან ავირიდოთ მძიმე დაავადებები. ამიტომ 100%-ით გაიზრდება დაფინანსება პროფილაქტიკური და პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, „ლელოს“ ამოცანაა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. აუცილებელია, გაიზარდოს კერძო სადაზღვევო კომპანიების როლი ჯანდაცვის სერვისების დაფინანსებაში, რათა არსებობდეს  მდგრადი სისტემა, რაც დღეს არ გაგვაჩნია, – ამბობს ჯაფარიძე.