„ლელო" აცხადებს, რომ ქობულეთის ბაზრის ტერიტორიაზე საარჩევნო კამპანიის გამართვის უფლება არ მისცეს

პუბლიკა

პარტია „ლელოს” განცხადებით, ქობულეთის საკოლმეურნეო ბაზრის თანამშრომლებმა მათ წევრებს ბაზრის ტერიტორიაზე შესვლისა და საარჩევნო კამპანიის გამართვის შესაძლებლობა არ მისცეს. აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა.

პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ წევრი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ მათ სურდათ ბაზრის ტერიტორიაზე საარჩევნო ბუკლეტების დარიგება, რის საშუალებასაც ბაზრის თანამშრომლები არ აძლევდნენ.

„ახლა ვდგავართ ქობულეთის საკოლმეურნეო ბაზართან, სადაც „ქართული ოცნების“ აქტივისტები, „ქართული ოცნების“ მორჩილი ადმინისტრაცია არ გვიშვებს იმიტომ, რომ ეშინიათ ამ ორი ადამიანის – პაატა ცივაძისა („ლელო საქართველოსთვის“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის) და ზურაბ გოლიაძის („ლელო საქართველოსთვის“ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აჭარის უმაღლეს საბჭოში). ფურცლების ეშინიათ ამ ადამიანებს და ეს ადამიანები იყვნენ ისინი, რომლებსაც არასდროს არ ამოუღიათ ხმა”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ბაზრის მფლობელი კი ამბობს, რომ კერძო საკუთრების ტერიტორიაზე „ლელოს“ წარმომადგენლებს არ შეუშვებს, რადგან ბაზარი სწორედ პარტიის დამფუძნებლისგან დაზარალდა. ალექსანდრე რომანაძის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„ეს კერძო საკუთრებაა და საარჩევნო აგიტაციის საშუალებას „ლელოს“ პარტიის წარმომადგენლებს არ მივცემთ, რადგან წლების წინ სწორედ ხაზარაძისგან და „თიბისი ბანკისგან“ დავზარალდით, მე „ქართულ ოცნებას“ ვუჭერ მხარს, თქვენ ხართ ხაზარაძის მონები“, – ამბობს რომანაძე.

„პუბლიკა” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყების კომენტარის გავრცელების შემთხვევაში მასალა განახლდება.